პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტში ფართო განხილვებია.
_“ყველაფერი ცხრაჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. ეს არის საპარლამენტო დემოკრატია. რაც უფრო მეტი განსხვავებული მოსაზრება იქნება ამა თუ იმ კანონპროექტზე, ეს კარგია. ჩვენ პარლამენტში იმიტომ ვსხედვართ, რომ ეს მოსაზრებები მოვისმინოთ. ასე რომ, კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიდის განხილვა, რომელშიც თამამად არიან ჩართულნი არასამთავრობოები, სამართალდამცავი ორგანოები, უცხოელი ექსპერტებიც, ჟურნალისტებიც. ამან უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ კომპლექსი, რომ მუდმივად ვინმე გვითვალთვალებს, გვისმენს და ვიღაც ჩვენს ცხოვრებაში ყოფს ცხვირს. კანონპროექტზე ევროსაბჭოდან ჩამოვიდა დასკვნები და ექსპერტებიც ჩამოვიდნენ. ეს არის სწორედ ის ჯანსაღი პროცესი, რაც მინდა, რომ თითოეულ კანონპროექტზე ხდებოდეს.
საქართველოში მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, როცა გაირკვა ის ყველაფერი, რაც გაირკვა, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ იმ მასალის განადგურებით არ მთავრდება პრობლემა, რაც შსს-ში მისულ ახალ ხელმძღვანელებს დახვდათ. საჭირო იქნებოდა ამ საკითხის საკანონმდებლო დახვეწა იმისთვის, რომ სამართალდამცველები იყვნენ სათანადოდ შეიარაღებულნი და დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, მეორე მხრივ, არ მოხდეს გადაჭარბება, გადამეტება და თქვენი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, ჩემი უსაფრთხოება თუ პირადი ცხოვრება არ იყოს შელახული".