ივერიონი / სუპერპროვოკატორები და კიდევ ერთხელ გაბითურებული სამეგრელო!

სუპერპროვოკატორები და კიდევ ერთხელ გაბითურებული სამეგრელო!

ის, რაც ამ ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილია და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქვეყანაში დაანონსებული არეულობა გამოიწვიონ!

„ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს, რომ სამეგრელოსა და თბილისში მოწყობილი  პროვოკაციები ხელისუფლების მიერაა მართული და მოახლოებული არჩევნების წინ მათი პოლიტიკური ოპონენტის („ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ერთადერთი ოპოზიციაა!) „განადგურებას“ ისახავს მიზნად...

თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, „ნაციონალები“-ს, როგორც პოლიტიკური სუბიექტის ბუნდღა არ უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობითა და უნიათობით ისინი დღესაც „მაგარ უდარზე“ არიან და ადვილად შესაძლებელია „მამათიც მოგვანატრონ“!

არ ჩამეთვლება აღმოჩენად, თუ ვიტყვი, რომ „ნაციონალებიც“ და „ქართული ოცნებაც“ ერთი თიხისგან არიან მოზელილები და მათი განსხვავება მხოლოდ საზოგადოებრივ მდგომარეობაშია - ერთს „ერთადერთი ოპოზიციის“ მანტია აქვს მოსხმული და ქვეყნისთვის საბედისწერო ნახტომისთვის ემზადება, ხოლო,მეორეს, 

ხელისუფლების საჭე უჭირავს, მაგრამ, თუ ასე გააგრძელა, შეიძლება მოუყანყალდეს და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს!

მე არ ვამტკიცებ, რომ კოალიციაში, ანუ ხელისუფლებაში ყველანი ამრევები და შეგზავნილები არიან, მაგრამ ციხე დღესაც შიგნიდან რომ ტყდება, ფაქტია.  ნათქვამია, ხელისუფალი საკუთარ გარემოცვას თვითონ ირჩევსო - თუ ამ პრინციპიდან გამოვალთ, ივანიშვილმა საკუთარი გუნდი ისე დააკომპლექტა, რომ დღევანდელი რეალობა მიეღო, თორემ მისი არჩევანი ხეირს რომ არ მოუტანდა ქვეყანას, წინასწარ იყო ცნობილი და ბუნებრივია, მასაც უნდა სცოდნოდა. 

თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, ქართველი მილიარდერის პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაიწყო „ნაციონალების“ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგების პროცესი და როგორც ამბობენ, დღესაც წარმატებით გრძელდება.

ამ ფონზე სულაც არ მიკვირს ამ ბოლო დღეებში თბილისსა და სამეგრელოს რაიონებში მოწყობილი პროვოკაციების ინსცენირება, რომელიც წვეთ-წვეთად გროვდება და თუ დროზე არ შევაჩერეთ, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს!

სულაც არ ვამძიმებ - ქვეყანაში სიტუაცია მართლაც დამაფიქრებელია.დამაფიქრებელია იმდენად, რამდენადაც, როგორც ამბობენ, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ქვეშ-ქვეშა დინებებთან გვაქვს საქმე...

ნაკლებად მადარდებს ნიკა მელიას პროვოკაციისთვის გამიზნულ პრესკონფერენციას თუ ჩაშლიან, ანაკლიაში თენგიზ გუნავას ფიზიკურად გაუსწორდებიან, ან გიგი უგულავას ლაყე კვერცხებს თუ დაუშენენ, მე უფრო აქედან აგორებული პროვოკაციის შედეგები მაფიქრებს, რომლის მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და დღევანდელი ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირება იქნება. როგორც ჩანს, „ნაციონალები“ წინასწარ რეპეტიციას გადიან მაისისთვის დაგეგმილი მასობრივი არეულობისთვის (17 მაისიც არც ისე შორსაა)!!!

ამ ბოლო დღეებში ხმამაღლა საუბრობენ „ნაციონალების“ ლინჩის წესით გასამართლების აუცილებლობაზე, რასაც ხელისუფლების უუნარობით ხსნიან (იგულისხმება ივანიშილის დაპირება, რომ „ნაციონალები“ მკაცრად დაისჯებოდნენ). ჯერ ერთი, ასეთი ველურობის გამოვლინება (უკანონობის დამკვიდრება) ქვეყანას ხეირს არ მოუტანს, მეორეც, სწორედ ეს არის წინასწარ დაგეგმილი ავატიურა, რომლის მიზანი ფართომასშტაბიანი დაპირისპირების პროვოცირებაა. 

ეტყობა, „ნაციონალებმა“ კარგად იმუშავეს, როცა „ქართულ ოცნებაში“ დესანტის გადასხმა ივანისვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაიწყეს, მაგრამ მე უფრო ის მაფიქრებს, რატომ მიიღო „ნაცების“ საჩუქარი ასე ხელგაშლილად მმართველმა კოალიციამ, თუ წინასწარ შეთანხმებულ თამაშთან არ გვაქვს საქმე?! დააკვირდით, დღევანდელი „ბუნტოვშიკების“ უმრავლესობა სწორედ „კარენნოი“ „ნაციონალები“ არიან!

 

ვა-ვა, სამეგრელო!

გახსოვთ ალბათ, 2003 წლის ვარდების რევოლუცია წალენჯიხიდან დაიწყო. სწორედ სამეგრელოდან მოუძღოდა გაბითურებულ „ლაშქარს“ რევოლუციის მებაირახტრე მიხეილ სააკაშვილი და გზადაგზა კრებდა მხარდამჭერებს. მაშინ არა მარტო სამეგრელოს, არამედ სრულიად საქართველოს სწამდა, რომ შევარდნაძის რეჟიმი უნდა წასულიყო და გზა „რეფორმატორებისთვის“ დაეთმო. სხვა საკითხია, როგორი რეფორმატორები გამოდგნენ ისინი და რა მიიღო ხელისუფლების უკანონოდ დამხობით საქართველომ, მაგრამ მაშინ ეგზალტირებულ მასას ასე სწამდა და სჯეროდა!

მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს რეგიონს გარდა კბილებში მუშტებისა და ახალაიების კლანის უსიტყვო მორჩილებისა, განსაკუთრებული შეღავათი არ მიუღია, ისინი კარგა ხანს თვითკმაყოფილნი იყვნენ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობაში ლომის წილი შეიტანეს. თუ გულახდილად ვიტყვით, რეგიონში გამეფებულ ტერორსა და კვადრატში აყვანილ უკანონობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელი არ შეუშლია, მიშა მათი კუმირი ყოფილიყო (განსაკუთრებით სანდრათი მოიხიბლნენ) და ეს „სიყვარული“ და მხარდაჭერა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დაეფიქსირებინათ - კოალიციამ პირწმინდად წააგო სამეგრელო!

ეს ისტორია არ დაჭირდებოდა, რომ არა ამ ბოლო დღეების ბალ-მასკარადი სამეგრელოს რაიონებში - „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელმძღვანელები და აქტივისტები უკმაყოფილების ნიშნად „პანტა-პუნტით“ ტოვებენ საკუთარ პარტიას და სხვა პოლიტიკურ დასაყრდენს ეძებენ, რომელსაც მყარი ფუნდამენტი ჯერჯერობით არ გააჩნია. უკმაყოფილების მიზეზი თითქმის ერთი და იგივეა - „ქართული ოცნების“ აქტივისტების იგნორირება და ყოფილი „ნაციონალების“ წინა პლანზე წამოწევა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიებში. 

ყოფილი „ქოცები“ იმუქრებიან, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება სასტიკად დამარცხდება! კი, მაგრამ ვინ გაიმარჯვებს?!

მარგინალიზებულ ოპოზიციას, რომელმაც ვერც ამჯერად მოახერხა ფორმალური გაერთიანება, მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულები ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ, მითუმეტეს, მიშას აჩრდილი ჯერ კიდევ დადის სამეგრელოში!

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქვეყანაში ამ მეტად დაძაბულ ვითარებაში პარტიული შინააშლილობა სწორედ სამეგრელოდან დაიწყო. შემთხვევითი არ არის ანაკლიაში მომხდარი დაპირისპირება „ნაციონალებსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის და თენგიზ გუნავას „სამაგალითო“ დასჯაც!

ბუნებით კუთხური სეპარატიზმის მომხრე არა ვარ, მაგრამ, მე, როგორც სამეგრელოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას: მეშინია იქ დაწყებული „გაუგებრობები“ სრულიად საქართველოს არ გადაედოს, ხოლო სამეგრელო ისევ გაბითურებული და უკვე მერამდენედ მოტყუებული არ დარჩეს! რატომღაც ყველაფერი იქითკენ მიდის.

ვა-ვა, სამეგრელო!

ზაურ ნაჭყებია

 

11-04-2014, 11:53
უკან დაბრუნება