ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ახალი მემარჯვენეები“ და „თავისუფალი საქართველო“ გაერთიანდა. დღეიდან ისინი ერთ ბლოკად წარსდგებიან ამომრჩევლის წინაშე-ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
-„ გვინდა, ვაუწყოთ საზოგადოებას ჩვენი გადაწყვეტილებები. ვაცნობიერებთ რა შემქნილ საკმაოდ რთულ ვითარებას საქართველოში, მივიღეთ გადაწყვეტილება,“ახალმა მემარჯვენეებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“ ორი პარტიის სახელით დავიწყოთ პროცესი ღია კარის პრინციპით. ჩვენ ერთად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენი კარი ყველა პარტიისთვის ღიაა“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ახალი მემარჯვენეების“ და „თავისუფალი საქართველოს“ გაერთიანების თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა დასახელდა.
ბრიფინგზე ორი პარტიის საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომელსაც ხელს აწერენ „„თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერი კახა კუკავა და „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე.
-„თავისუფალი საქართველო“ და “ახალი მემარჯვენეები“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვქმნით საარჩევნო ბლოკს „არასაპარლამენტო ოპოზიცია“.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება კახა კუკავა.
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ რეალური მრავალპარტიულობა და დავასრულოთ კოაბიტაციის მახინჯი პროცესი, როდესაც ხელოვნურად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდაჭერით, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მითვისებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხელისუფლების რეალური და ჯანსაღი ოპონირება ძალუძს მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას და ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც ბოლოდროინდელ დებატებზე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.
ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ხელისუფლებებს ცვლიან მისსავე წიაღიდან გამოყოფილი ყოფილი ჩინოვნიკები და შედეგიც სახეზეა. ჩვენი ბლოკი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალთა ერთობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირველი დღიდან აპროტესტებდა „ნაციონალური მოძრაობის“ არადემოკრატიულ და დანაშაულებრივ ქმედებებს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობას და 7 ნოემბერს, 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებს და სხვა დანაშაულებს.
ბლოკის გაფართოების მიზნით ვაგრძელებთ კონსულტაციებს დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენი კარი ღიაა ყველა ორგანიზაციისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფისათვის, რადგან ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორ პარტიებს პარიტეტის პრინციპს და არა თვითლიკვიდაციას ან გამოსყიდვას“-ნათქვამია განცხადებაში.