ვარკეთილში მდებარე „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის“ ბინადრები სულმოუთქმენლად და გულისფანცქალით ელოდნენ 10 აპრილს, ამ დღეს მათთან ახალგაზრდული თეატრის „მომავლის გზის“ მსახიობები და 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები უნდა მისულიყვნენ. მოხუცები ხომ პატარა ბავშვებივით არიან, სულ ცოტა რამ უხარიათ და სულ ცოტა რამ სწყინთ, სწორედ ამიტომ იყო დილიდან ფანჯრებთან მდგომებს ნორჩი სტუმრების დანახვისას გული სიხარულით აუძგერდათ და ისე ჩაირბინეს კიბეები ნორჩებთან შესახვედრად, თითქოს თავადაც მათი ტოლები ყოფილიყვნენ და საერთოდაც არ გახსენებიათ არც წელის ტკივილი და არც რევმატიზმები...
ახალგაზრდებმა სააღდგომო ღონისძიებასთან ერთად დიდი სიყვარული აჩუქეს ხანდაზმულებს, მოეფერნენ, ლექსები წაუკითხეს, მერე ერთად იმღერეს. აღფრთოვანებული მოხუცები ტაშს უკრავდნენ და ცდილობდნენ თავადაც არ ჩამორჩენოდნენ ბავშვებს დიდი სითბოს გაცემაში. მერე ზოგს გულმა ვეღარ გაუძლო, სკამიდან წამოდგა და ღონისძიების მონაწილეებს შეუერთდა, ერთს მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე და აცეკვდნენ მოხუცები...
ღონისძების შემდეგ ხანდაზმულებს მსახიობებმა და 64-ე სკოლის მოსწავლეებმა საჩუქრები გადასცეს, მაგრამ ისინი ამანათებს კი არ უყურებდნენ, ბავშვებს ეკითხებოდნენ-კიდევ ხომ მოხვალთ, ხომ არ დაგვივიწყებთო.
ბავშვებიც გახარებულები და კმაყოფილები იყვნენ რომ ასეთი ლამაზი დღის ჩუქება შეძლეს იმ ბებიებისთვის და ბაბუებისთვის, რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ თანადგომა, ამაში კი თეატრის დასს 64-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მამსიკაშვილი და ქველმოქმედთა სახლ "მომავლის გზის" თავმჯდომარე, საღამოს გენერალური სპონსორი დავით კინწურაშვილი დაეხმარნენ.
ლამაზი დღე ლამაზად დასრულდა. მოხუცებს სითბოთი და სიხახულით გამთბარი გულები კიდევ დიდხანს გაჰყვებათ, კიდევ დიდხანს იცინებენ იმ ფოტოების შემხედვარე ასაკდავიწყებულები როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდებს კი ეს დღე და ხანდაზმულთა მადლიანი თვალები კიდევ ბევრი ქველმოქმედების და სიხარულის ჩუქების საღამოს გაამართინებს.