ივერიონი / დაიჭერენ თუ არა როლანდ ახალაიას?

დაიჭერენ თუ არა როლანდ ახალაიას?

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  საპარლამენტო უმცირესობის წევრს, სამერელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის,  ბრალდება წარუდგინა.  პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, რაც აშკარად სცილდებოდა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს,  შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ  უკანონოდ მოთხოვა თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

"მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი  შეიტანა  როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისთვის. ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს "სანის" ანგარიშზე.

2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა "სანის" საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც  ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული როლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს "სანის" კომერციული მიზნებისთვის.

როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურა განმარტავს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებისთვის  საქართველოს პარლამენტის თანხმობაღარ არის საჭირო, დღეს როლანდ ახალაიას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვი წარედგინას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

პროკურატურის ინრორმაციით საქმეზე ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება.

 

11-04-2014, 15:50
უკან დაბრუნება