შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვახტანგ ბ-ს პირადი ჩხრეკისას, 28 აბი მოვარდისფრო, კუსტარული წესით დამზადებული 7,5 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0683 გრ მეტამფეტამინს და 0,4037 გრ ამფეტამინს შეიცავს. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია, 20 აბი მოთეთრო, კუსტარულად დამზადებული 5,24 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,515 გრ ამფეტამინის შეიცავს და 46 აბი ლურჯი ფერის, კუსტარული წესით დამზადებული 11,23 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,0147 გრ ემ-დი-ემ-ეის – ე.წ. ექსტაზს შეიცავს. ასევე ამოღებულია 3,03 გრ გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ბ-მ ნარკოტიკული საშუალებები თურქეთში უკანონოდ შეიძინა და შეინახა, შემდეგ კი თურქეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს .