ივერიონი / „არა კოლაბორაციონიზმს! არა - მტერთან თანამშრომლობას!“

„არა კოლაბორაციონიზმს! არა - მტერთან თანამშრომლობას!“

   დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, საზოგადოება "ივერიის" ორგანიზებით  აქცია „არა კოლაბორაციონიზმს! არა - მტერთან თანამშრომლობას!“ გაიმართება.

 

   აქციის ორგანიზატორებმა ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

 

   „რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის. ვლადიმერ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან, 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია. რუსეთიდან კარგად დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში, სადაც აწარმოებენ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებს ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ. ცალკეული პირები წერილით მიმართავენ პუტინს, მხარს უჭერენ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და გამოთქვამენ წუხილს, რომ აგრესიას არ ჰქონდა უფრო მასშტაბური ხასიათი და არ დასრულდა საქართველოს ხელისუფლების დამხობით. საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხოების და თავისუფალი მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოება წინ აღუდგეს კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტი-სახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ საქმიანობას და მოახდინოს მათი მარგინალიზაცია, ხოლო ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია და მოვითხოვთ: აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა; შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება; კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა“.

 

   აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

 

13-04-2014, 00:47
უკან დაბრუნება