ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა „ლეზერნიკზე“ დასკვნით სწავლებას გაივლიან.ქართველი ჯარისკაცები შემაჯამებელ წვრთნებს ისეთ საკითხებში გადიან, როგორიცაა: თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებების (IED) საწინააღმდეგო მოქმედებები, ნარკოტიკები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები.
გარდა ამისა, ქართული ბატალიონის მძღოლები დამატებით მომზადებას გადიან ექსტრემალურ პირობებში ჯავშანმანქანა MRAP-ის ე.წ. “Mine-roller”-ით (ჯავშანმანქანის ნაღმსაწინააღმდეგო მოწყობილობა) ტარებაში. ავღანეთში ჩასვლამდე, ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა.
თავდაცვის უწყების განცხადებით, ქართული ქვედანაყოფი სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდა- მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.
ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.