დღეს პარტიამ "მომავალი საქართველო" თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ლაღიძე წარადგინა, რომლის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება.
"ივერიონი" მერობის ახალ კანდიდატს დაუკავშირდა.
-მე ვფიქრობ ზოგადად ახალ ხელისუფლებას ახასიეთებს ძალიან სუსტი მოქმედება, რაიონების გამიჯვნის საკითხი დიდი ხანია დგას დღის წესრიგში, მაგრამ რაც გადაწყდა, რომ პირდაპირი წესით უნდა იქნენ მთელი რიგი ქალაქის მერები არჩეულნი ამ საკითხმა მეტი სიმწვავე შეიძინა,მე ვფიქრობ ეს ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე ნაბიჯსაც ვერ გადადგავმს,რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს აქ მე უფრო სერიოზულ პრობლემებს ვხედავ. რაც შეეხება ერთიანი საარჩევნო სიების და საარჩევნო კოდექსის დახვეწას, ხოლო ქალაქებისა და რაიონების გამიჯვნის საკითხი უშუალოდ არჩევნებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, ხოლო არჩევნების შემდეგ შესაძლოა ამ საკითხის გამო ახლადარჩეული მერები და გამგებლები ერთმანეთს დაერივნენ და ვინაიდან ისინი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიებზე ვერ შეთანხმდებიან, ეს წარმოშობს სერიოზულ პრობლემას, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა გადაეწყვიტა არჩევნებამდე, თუმცა მათ ეს უთავბოლობის გამო ვერ გააკეთეს.
-მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესი არ მოგწონთ?
-სიმართლე გითხრათ, მე მთელი რიგი თვითმმართველი ქალაქების მერის პირდაპირი წესით არჩევას ვეწინააღმდეგებოდი.
-პრობლემას რაში ხედავთ?
-პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ყველა თვითმმართველი ქალაქის და რაიონის ხელმძღვანელს ექნება ამბიცია და ისინი ამ საკითხის ირგვლივ ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდებიან, რამაც შესაძლოა პრობლემები სახელმწიფოს შეუქმნას. გარდა ამისა, მაგალითად, როგორიც არის მარნეული, ვინაიდან იქ ეთნიკური პრობლემაა და არ მიმაჩნია სწორად თუნდაც ტერიტორიული დავის საბაბით ეს პრობლემა გამწვავდეს და ჯამში ამით სახელმწიფომ იზარალოს.
-საარჩევნო გარემო როგორია? პარტიები ამბობენ, რომ არათანაბარ პირობებში უწევთ ბრძოლა.
-მთავრობა არასერიოზულად უდგება პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას. საჭირო იყო ხელისუფლებას საარჩევნო სიები დაეხვეწა, საარჩევნო რეფორმა მოეხდინა და ბევრად უკეთესი საარჩევნო გარემო შეექმნა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნებზე სისტემურ დანაშაულს ადგილი არ ექნება, თუმცა უწყებათაშორისი კომისია მაინც საჭიროა. ვფიქრობ, შესაძლოა ისეთი მასობრივი ზეწოლები, როგორიც "ნაციონალების" დროს ხდებოდა არ განხორციელდეს, თუმცა უამრავი სისტემური პრობლემა იქნება. ასევე ხელისუფლების ცალკეული რგოლები შეეცდებიან სხვადასხვა ფორმით ამომრჩეველზე ზეწოლას და დაშინებას, აქედან გამომდინარე არა მარტო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაა აუცილებელი, არამედ დამკვირვებლები არასამთავრობო სექტორიდან. ვფიქრობ, თვითონ ხალხი ითამაშებს დიდ როლს".
-არჩევნებში მონაწილე გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მეორე ტურის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თქვენ რას ფიქრობთ?
-მიუხედავად ხელისუფლების თავდაჯერებისა, მეორე ტური აუცილებლად ჩატარდება, რადგან ხელისუფლებას არ აქვს ის მხარდაჭერა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა.
-პარტია "მომავალ საქართველოზე" რას იტყვით, გამარჯვების რა შანსები აქვს?
-თუ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში წარიმართა, ჩვენ აუცილებლად სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობის პრობლემებზე სერიოზულად მუშაობს და ზოგიერთებივით ხალხი მარტო წინასაარჩევნოდ არ გვახსენდება, ეს თავად მოსახლეობასაც კარგად ახსოვს. თუმცა საერთო ჯამში მიმაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალია.
თამარელა თეთრაძე