უკვე რამდენი ხანია სენაკის არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალები მშვიდობისთვის" ლიდერი ინგა ქარდავა სენაკში "ქართული ოცნების" და "ნაციონალების" საიდუმლო გარიგებებზე საუბრობს. მან პრემიერის სახელზე არაერთი მიმართვა გაავრცელა მედია-საშულებებით და იმედს იტოვებდა, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარებოდა. დღეს კი ინგა ქარდავა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გადაწყვიტა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლი გახდეს. ამაში თითქოს გასაკვირი არაფერია, მაგრამ "ქართული ოცნების" პირველი აქტივისტი, სენაკის "ნაციონალური მოძრაობის" დაუძინებელი მტერი არჩევნებში მონაწილეობას სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გეგმავს. ეს მისი თქმით ის უკანასკნელი ნაბიჯია, რითიც ჯერ კიდევ შეიძლება "ქართული ოცნების" გამოფხიზლება.
- "რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები, "ნაცებში" თუ "ოცნებაში"? ორივე პარტია მაინც ერთად არიან. სანდო წყაროზე დაყრდნობით მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობას და კენჭის ყრას სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე ჯიშკარიანი ქართული ოცნების სახელით აპირებს, ეს ხალხის დაცინვა და კიდევ ერთხელ აბუჩად აგდებაა.მე, ინგა ქარდავა, პირობას ვდებ, თუ სენაკის გამგებლად "ქართული ოცნებიდან" კენჭი ხვიჩა ჯიშკარიანმა, გოჩა დგებუაძემ ან გურამ მისაბიშვილმა იყარეს, მაშინ "ნაციონალების" კანდიდატი მე ვიქნები და დამაჯერებლადაც გავიმარჯვებ. მთელი სიცოცხლე "ნაციონალებს" რისკის ფასად ვებრძოდი და ოჯახი დავტანჯე, თუმცა ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მე ვპირდები სამივე სავარაუდო კანდიდატს, რომ სენაკში მათ ტოტალურად დავამარცხებ და ასიდან ას ხმას მხოლოდ მე ავიღებ"-აცხადებს ინგა ქარდავა.
განცხადების გამოქვეყნებისთანავე "ივერიონი" სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს, ხვიჩა ჯიშკარიანს დაუკავშირდა, რომელმაც უარყო არჩევნებში მონაწილეობა და განაცხადა, რომ ეს ჭორია, ხოლო თავად ინგა ქარდავაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
თაზო ბენიძე