"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი სლოგანით წარსდგება. "ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე" -ეს არია იდეა, რომლის გარშემო გაერთიანდნენ კოალიციის წევრები.
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 საარჩევნო შტაბი, ყველა რესურსი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ეს არჩევნები კოალიციის და საქართველოს მოსახლეობის სრული გამარჯვებით დასრულდეს.
-"არჩევნები, რომელსაც ახლა ვატარებთ, უპრეცედენტოა საქართველოსთვის. აქამდე პირდაპირი არჩევნებით მოსახლეობა მხოლოდ დედაქალაქის მერს ირჩევდა, ისიც 30%-იანი ბარიერით. ამჯერად 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი იქნება არჩეული პირდაპირი არჩევნების გზით. უმნიშვნელოვანესია ბარიერის 50%-მდე აწევა, რაც უპირობო განაცხადია იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალას ღია და კონკურენტუნარიანი არჩევნებში გამოწვევების და რისკების არ ეშინია. ჩვენი კანდიდატები ამ ბარიერის დაძლევას უპრობლემოდ შეძლებენ. ჩვენ ამას შევძლებთ და დავუმტკიცებთ მთელ საქართველოს, რომ ვართ სამართლიანი ძალა, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანდიდატები იქნებიან შედეგზე ორიენტირებულნი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და კანონმორჩილი მმართველები, რომელთა მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მთავარ ამოცანას კი მოქალაქის მსახურება"-განაცხადა საარცევნო შტაბის თავმჯდომარემ კახა კალაძემ.
კალაძემ ამომრჩეველს მობილიზებისა და ჩართულობისკენ მოუწოდა. უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერი გიორგი გეგეჭკორი იქნება.
"ქართული ოცნება" რეგიონებში კანდიდატებს 26 აპრილს წარადგენს.