ივერიონი / ელგა ფოლადიშვილი: ყველა ემიგრანტის სათქმელი...

ელგა ფოლადიშვილი: ყველა ემიგრანტის სათქმელი...

დილა იწყება დაღლილი სხეულითა და სხეულზე მეტად აჩქარებული გულისცემით. ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან... არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც...

 

არიან ყველგან, სადაც კი ფეხი გაუწვდათ, ხელი მიუწვდათ და გულმა გაუწია... სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთ თვისტომიდან; არიან ალალბედზე წასულები და ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები... არიან ყველგან და ,,ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიას ყოველდღიურად, რეალურად ,,ეხებიან" ხელით - ხეხავენ უნიტაზებს, ცვლიან ,,პამპერსებს", ცლიან ღამის ქოთნებს... ასუფთავებენ ოთახებს, ეზოებს, ქუჩებს... აშენებენ სახლებს, სძინავთ ხარაჩოებზე... სძინავთ იქაური შრომითა და აქაური ფიქრით გადაღლილებს... სძინავთ, მაგრამ ,,ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილ-ბურანში ყოფნას ჰქვია ძილი... დილა იწყება დაღლილი სხეულითა და სხეულზე მეტად აჩქარებული გულისცემით... იწყება შიშით - ქალბატონს ,,რაღაც" არ მოეწონება, ბატონს დღესაც ,,ხელი წაუცდება", ბატონიშვილს კერძი არ მოეწონება, პოლიციელს თვალში არ მოუვა... ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს იქაური დარდი ცვლის, იქაურს აქაური, კედლის მოშლილი საათივით წიკწიკებს და ჩერდება გონება - პროცენტის გადახდა გვიანდება, ბავშვის სწავლის ფული გასაგზავნია, დედის წამლის საყიდელია, მამის ორმოცი გადასახდელი... ისინი ბევრნი არაიან, გასაოცრად ბევრნი... მტკივნეულად ბევრნი... ამ ტკივილს დახეთქილ ხელისგულებზე იგროვებენ, ფულად ერთეულად აქცევენ და მერე იმ ხელისგულებს უგზავნიან, რომელთა შეხება და მოფერება ყველაზე მეტად ენატრებათ... მიზეზი ყველას სხვადასხვა აქვს, მიზანი - ყველას ერთი. ოცნებაც საზიარო აქვთ, სამშობლოც და სურვილიც შინ დაბრუნების... დედის მიერ ძილისწინ წაკითხული ზღაპრის მსგავსად ცხოვრებაში არც ერთ მათგანს არ დახვედრია გზისგასაყარზე წარწერა: ,,ამ გზით თუ წახვალ, ის გელის, იმ გზით თუ წახვალ _ ისო..." არ ეწერა, მაგრამ იმედი ხომ ის ,,უხილავი თანამგზავრია" უიმედობის ჟამსაც, საკუთარი აჩრდილივით თან რომ გდევს, მით უფრო თუკი სხეულით უცხო მიწაზე დგახარ და ფიქრით მშობლიურზე ,,დააბიჯებ"... იმედი ყველას ჰქონდა, იმედი იმისა, რომ რაც არუნდა შორს და დიდიხნით წასულიყო, რაც არ უნდა დიდი ხიფათი და ფათერაკით შეხვედროდა ამ გზაზე, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო განსაცდელი, რაც არ უნდა არეოდა გზა-კვალი და ლაბირინთში ჩაკარგულიყო, ბოლოს იმავე გზით ოდესმე ისევ შინ დაბრუნდებოდა.ზოგი დაბრუნდა და ზოგი ვერა... ბავშვები დედის გარეშე გაიზარდნენ... ქალები უცხო ქვეყანაში, უცხო ოჯახებში, უცხო ბავშვებს უვლიან, დაჰყავთ სკოლებში, ბაღებში, უმზადებენ სადილს და ვახშამს და სიცხიანებს ღამესაც უთენებენ ღვიძლი მშობელივით... სანაცვლოდ მათ შვილებს, საქართველოში დედის გარეშე დარჩენილ შვილებს, აქვთ ფერადი ტანსაცმელი, ფუმფულა სათამაშოები და კალორიული საკვები... მაგრამ ცხოვრებას, როცა მას შავ-თეთრად, ანუ - დედასთან ერთად და დედის გარეშე ყოფნის ფერებში ხედავ - ფერადი ტანსაცმლით ვერ ,,გაიფერედებ"... ვერც ერთი ფუმფულა სათამაშო ვერ მოგცემს იმ სითბოს დედის, თუნდაც გაუხეშებულ ხელისგულებს რომ აქვთ... და არც ამქვეყნადაც არსებობს იმაზე კალორიული საკვები სხეულისათვის, ვიდრე სულისთვის დედა-შვილობის მადლია. მშობლები შვილების დაუტირებლად წავიდნენ ამ ქვეყნიდან... და ვინ იცის, რამდენმა დედამ დახუჭა უკანასკნელად თვალები მარტოობაში სწორედ იმ დროს, როცა მისი შვილი უცხო ქვეყნის, უცხო მოხუცს დოლბანდაკრული დაწყლულებულ სხეულს უწმენდდა... ვინ იცის, რამდენ მამას ეჭირა სული კბილით იმის მოლოდინში, რომ ადრე თუ გვიან კარს მისი შვილი შემოაღებდა და ამ ქვეყნიდან ისე წავიდოდა, კუბოს ამწევიც ეყოლებოდა, საფლავის გამჭრელიც და ჭიქის წამქცევიც... ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად და მტკივნეულად ბევრნი... ნათესავებისთვის სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც დაკარგულები, მეგობრებისთვის გაუცხოვებულები, ოჯახის წევრებისთვის ფულისა და დარდის ერთდროულად მომტანები... საარჩევნო ბიულეტინისთვის გაუქმებულები და სტატისტიკისთვის შავ გრაფაში ჩასმულები... მაგრამ ვინ არიან ისინი საკუთარი თავისა და ქვეყნისათვის? ლუკმა პურს ,,ზვარაკად" შეწირულები? მთვარიანში ძუ მგლებივით საშოვარზე გასულები, თუ ცალუღელა ლაბა ხარები, მთელი ოჯახის სიმძიმეს რომ მიათრევენ გაუკვლავში... სად იწყება და სად მთავრდება მათი სისუსტე და სიძლიერე? სად არის ჩიხი და სად გამოსავალი? იქნებ იქ, საკუთარ ,,მეს", მეზე უფრო ძვირფასის ,,გამრავლებულ მეს", ანუ ,,ჩვენს" რომ შესწირავ... იქნებ სწორედ ესაა მათი სისუსტეცა და სიძლიერეც, გაურკვეველ მომავალში მტკიცედ რომ აბიჯებენ და აწმყოში დარჩენილებს მომავლამდე საგზალს აწვდიან... იქნებ სწორედ ისაა ,,ჩიხი", როცა ცარიელი ვარცლის ანაბარად დარჩენილ დედაბერს ჰგავს მთელი ოჯახი და ცხადია, რომ ვიღაც უნდა ,,გაიწიროს"... და ,,გამოსავალიც" იქნებ სწორედ ისაა, როცა იტყვი, რომ - ,,მე წავალ"... მაგრამ ვინ არიან ისინი საკუთარი თავისთვის? საკუთარ თავში დაკარგულები და გაზაბნეულები, თავისუფლება ჩამორთმეულები, შეურაცყოფილები, შრომისგან დაქანცულები, დარდისგან დანაცრულები, მუდამდღე ოჯახსა და ახლობლებს დანატრებულები, სევდიანი მზერითა და წყლიანი თვალებით გაურკვეველი მომავლისკენ მზირალები, სადაც კალენდარი ზანტად და სწრაფად შლის ფურცლებს... სადაც წელიწადის ოთხი დროს ნაცვლად, მხოლოდ ორი ,,დრო" არსებობს - იქ ყოფნის და აქ დაბრუნების!.. ვინ არიან ისინი საკუთარი ქვეყნისთვის? გერები, რომელთათვისაც ავმა დედინაცვალმა ხმელი ლუკმაც ვერ გაიმეტა? რომელსაც მუდამდღე სახრეს ურტყამდა და დიდი ურდულით ურაზავდა თბილი კერიაში შემავალ კარს? ვინა არიან ისინი, თავიანთი ქვეყნისთვის _ 21-ე საუკუნის ,,მამლუქები", მაქმანებიანი წინსაფრებითა და რეზინის ხელთათმანებით თუ ,,ამაოების" დიდ ბაზარზე გროშებად გაყიდული ,,მონები"? ნუთუ ამქვეყნად მათი წილი მიწა და ჰაერი, მათი წილი სარჩო და საბადებელი, მათი წილი სითბო და სიყვარული, მათი წილი ერთგულება და საკეთებელი ასე ძნელად მოსაპოვებელი და მოსაძებნი იყო... ვინ არიან ისინი, თავიანთი ქვეყნისთვის? დაკარგული თაობები, უგზო-უკვლოდ გაბნეული გენოფონდი... რეალური და პოტენციური დედები... ფესვებს მოწყვეტილი შვილები... როდის და როგორ შეძლებს ეს არშემდგარი სახელმწიფო იმ ადამიანების არშემდგარ ქვეყანაში დაბრუნებას? ან თუ შეძლებს რითი? სიტყვიერი, ცრუ დაპირებებით თუ ცათამბჯენებით, მოსავალტებული გზებითა და მუდმივი ელექტროენერგიით? დაბრუნებულებს დახვდებათ კი აქ ის გარემო ,,შინ დაბრუნების" განცდას რომ ქმნის? ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად ბევრნი... ყოველი წუთი და საათი, ყოველი დღე და თვე ფულად ერთეულში გადაჰყავთ... ისინი არ ცხოვრობენ, ისინი ცოცხლობენ და ამ სიცოცხლესაც ზუსტად ის ,,ეკვივალენტი" აქვს, რამდენადაც მათი შრომა ფასობს... იმან სახლი იყიდა, იმან მანქანა, ვიღაც წარმატებულად გათხოვდა, ვიღაცას გაუმართლა... იმან მოქალაქეობა მიიღო, იმან შრომის უფლება, იმან მწვანე ბარათი... ვიღაცა მეზობლის ამბავს ყვება, ვიღაცა ნათესავის, ვიღაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურმოკრულს... მოკლედ, მოგებას და შენაძენს ყველა თვლის, აქაც და იქაც... მაგრამ არც იქ და არც აქ, არავინ თვლის ,,დანაკარგს", რადგან ის ფულად ერთეულში არ ითვლება. დანაკარგი კი დიდია, განახევრებულ სიცოცხლემდე დასული... ისინი ბევრნი არიან, მტკივნეულად ბევრნი... ყველას ვიღაცა გვაკლია... ზოგს სუყველა ერთად... და ხშირად, ძალიან ხშირად, არც ეს ცა, არც ეს მზე და არც ეს მიწა არ გვერგება, რადგან მათ გარეშე მოდის ზამთარიცა და შემოდგომაც, მათ გარეშე მოდის გაზაფხული... მათ გარეშე იზრდებიან შვილები, მათ გარეშე ბერდებიან მეგობრები და მათ გარეშე კვდებიან მშობლები...

 

P.S. ტკივილებს უნდა ერქვათ ,,სახელი", ტკივილებს, რომელსაც გულთან ახლოს ვგრძნობთ - ჩვენც და ისინიც...

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი

17-04-2014, 19:20
უკან დაბრუნება