ივერიონი / კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი

კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი

 

   სააპელაციო სასამართლომ შს და თავდაცვის ექს–მინისტრი ბაჩო ახალაია სპეცრაზმელების წამების საქმეში  უდანაშაულოდ სცნო. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გააუქმა აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო. სააპელაციო სასამართლომ ახალაიასთან ერთად ბრალდებული სხვა პირებიც უდანაშაულოდ სცნო.

   ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა ინფრომაცია მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე, ამიტომ  გამამართლებელ განაჩენს არ ელოდნენ, მაგრამ მისივე თქმით სასიხარულოა, როცა ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სამართლიანობას არაფერზე ცვლიან.

   -"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ამიტომ არ გვეგონა, რომ დღეს გამამართლებელი განაჩენი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არიან მოსამართლეები, რომლებიც ზეწოლას უძლებენ", – განაცხადა ნადარეიშვილმა.

   სპეცრაზმელების წამების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელმა სალომე ჯანუაშვილმა განაცხადა., რომ პროკურატურა გამამართლებელ განაჩენს საკასაციო წესით გაასაჩივრებს. 

 -"ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო შეჯერებული უტყუარი მტკიცებულებები, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამართლებულთა მიმართ განაჩენი შეცვლილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს არგუმენტაცია არ გაიზიარა. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყევტილებას და კანონით დადგენილ ვადაში აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით. ამ ეტაპზე არგუმენტებზე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან მომსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. არგუმენტების მიღების შემდეგ კი ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საკასაციო საჩივარს". 

   დაცვის მხარისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მისაღებია და აცხადებენ, რომ  ეს განაჩენი მოსალოდნელი იყო.

 

17-04-2014, 19:26
უკან დაბრუნება