საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საყდრისში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროა საერთაშორისო ექსპერტების მიერ დასკვნის დადება.
-"არაფერი საიდუმლო იქ არ არის და თუ არ უშვებენ, ან უშვებენ და ჩაფხუტს აძლევენ იქ ჩასულებს, ეს ალბათ მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით. არის ბორცვი, რომლის თავზე ორმოა და ამ სიტყვებზე მერე ვიღაცეებმა იხალისეს, ორმო რატომააო, აბა სხვა რა უნდა ვთქვა, როცა არის ამოღებული მიწა და ჩადის სიღრმეში, აი იმ სიღრმეში არის ღრმული, რომელზეც ამბობენ, რომ ეს საკაცობრიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია და იქ იყო ოქროს საბადო. ბორცვში გაჭრილი გვირაბი გაკეთებულია საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ეძებდნენ მადანს, თავიდან, როცა გვირაბში შედიხარ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მართლაც შახტაში შედიხარ, მაგრამ მერე იგებ, რომ ეს არის საბჭოთა დროს გაკეთებული. დილეტანტიც არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ ჩემთვის რთულია იმ ღრმულზე ვთქვა, რომ არის საკაცობრიო მნიშვნელობის, მაგრამ ჩემი ნათქვამი არაფერს ნიშნავს და რახან არსებობს განსხვავებული აზრი, საჭიროა ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები და მათ დადონ კომპეტენტური დასკვნა. ნუ ვეთამაშებით წარსულს და ნუ ვქმნით რაღაც ლეგენდას! ეს დასკვნა ძალიან სერიოზული ექსპერტების მომზადებული უნდა იყოს და არა მგონია დიდი დრო დაჭირდეს ამ ყველაფერს. კულტურის სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებას და რამდენადაც ვიცი მაისი ჩამოვლენ კიდევ არქეოლოგები, სამთო-გეოლოგები, მანამდე კი ვთხოვე ამ კომპანიას გაანებონ თავი ამ ბორცვს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ გზას აკეთებენ ბორცვის გარშემო და არაფერი ზიანდება, ეს კი იქ დაბანაკებულ ახალგაზრდებს აღიზიანებთ და თვლიან რომ გარშემო მუშაობის დროსაც კი დაინგრევა ეს ბორცვი... დღეს კულტურის მინისტრი ჩავა ადგილზე და იმედია მოლაპარაკება შედგება".
ქანთარიას განცხადებით საყდრისის ტერიტორიაზე შეკრებილები იცავენ თავიანთ წარსულს და ელოდებიან სათანადო დასკვნას და რეაგირებას.