"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ ბრიფინგი გამართა:
"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკანიანის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ აბსოლუტურად მოჰფინა ნათელი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი გაათეთროს, გარეცხოს და შეინარჩუნოს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.
ბატონებო, ჩვენ ვცდილობდით გამართლება მოგვეძებნა იმისათვის, რაც ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის აღშფოთებას და გაკვირვებას იწვევდა, რომ საკუთარი უნიათობით ვერ ახერხებდით დაგემტკიცებინათ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისთვის ჩადენილი დანაშაულებები. გაკრიტიკებდით იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს ვერ უსაბუთებდით მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. თუმცა ყოველთვის ვიცოდით, რომ დასავლეთის წარმომადგენლები ამას თქგვენგან არც არასოდეს მოითხოვდნენ, ვინაიდან არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მისცემს თავს უფლებას აუკრძალოს რომელიმე ხელისუფლებას დამნაშავის დასაბუთებული და სამართლიანი დასჯა, თუნდაც ეს იყოს ყოფილი მაღალჩინოსანი.
ხელისუფლების დღევანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ თურმე დასავლეთს ეს თქვენგან არც მოუთხოვია. რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი თქვენ გაურიგდით "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს, რომ დღემდე არ აღდგენილა სამართლიანობა და დღემდე არ უმტკიცებთ მათ ჩადენილ დანაშაულს?
თუ ასეა გამოდის, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძოდით და არა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ!
მოხვედით ხელისუფლებაში ქართველი ხალხის, ჩვენი შეუპოვარი ბრძოლის, დაღვრილი სისხლის და ცრემლის შედეგად და დაკმაყოფილდით იმით, რომ დაიკავეთ სავარძლები და სამართლიანობის აღგენისთვისაც არ შეიწუხეთ თავი. თქვენ ყოველდღიურად აცოცხლებთ, რეცხავთ და პოლიტიკური მოუსავლეთიდან აბრუნებთ "ნაციონალური მოძრაობას", რომელიც ახლა უკვე რევანშით,ხელისუფლებაში მობრუნებით იმუქრება და მორალს უკითხავს საქართველოს მოსახლეობას.
სააკაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ატერორებდა და აწამებდა ხალხს, პირველი ოქტომბრის შემდეგ ბედავს და საკუთარი სახელობის ბიბლიოთეკას ხსნის. ეს ის სააკაშვილია, რომელიც მე-5 კოლონაზე საუბრობს, თუმცა თავად შემოიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. რომ არა თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის უკვე დიდი ხნის გასამართლებული უნდა იყოს კოდორის, 2008 წლის აგვისტოს ომის, ლაფანყურის მოვლენებთან, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვასთან დაკავშირებით, იმ ფინანსურ მაქინაციებთნ დაკავშირებით, რომლის წყალობით ქვეყნიდან გაიტანა მილიარდები და რომლითაც ქვეყანაში საკუთარი სიმბოლოების გახსნას აფინანსებს.
სწორედ "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" ბედავს დაემუქროს საქართველოს მოსახლეობას ქართული მაიდნით. "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი იმაში, რომ დამნაშავენი განაგრძობენ პოლიტიკურ მოღვაწეობას და პარპაშს, ხოლო მათ მიერ უდანაშაულოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნილ დაპატიმრებულ, ნაწამებ და დაყაჩაღებულ ხალხს დღემდე ვერ უპოვია სამართალი.
სამწუხაროდ "ქართულ ოცნებაში" ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც გულშემატკივრობენ "ნაციონალური მოძრაობას", მას თვლიან პოლიტიკურ ორგანიზაციად და ღიად აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკური ძალის გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენაა.
გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ არ შეეგუოს არსებულ საგანგაშო მდგომარეობას და ყველაფერი გააკეთოს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის."