"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ და პარტიის სხვა წევრებმა დღეს ცესკოს მხარდამჭერთა სიები წარუდგინეს. როგორც გიგლა ბარამიძემ განაცხადა, მათ რამდენიმე ათასით იმაზე მეტი ხელმოწერა წარადგინეს, ვიდრე ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. თუმცა, როგორც ის აცხადებს, ეს არ არის მთავარი:
-"მთავარი არის ის, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ არჩევნებში მაქსიმალურად დიდი წინაღობები გვქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას საქართველოში, მაინც არ მოგვენიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი წარმატების იმედი გვაქვს.
დღეს საღამოს, 21:00 საათზე, ძველ თბილისში კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ წინასაარჩევნო კამპანიას და თბილისელებს წარვუდგენთ მერობის კანდიდატს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ნამდვილ თბილისელს, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს"-ამბობს ბარამიძე.