ივერიონი / პროკურატურამ ირაკლი კოდუას ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ირაკლი კოდუას ბრალი წარუდგინა

   მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით რადმენიმე პირს ბრალი წარუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორი ერეკლე კოდუაა. კოდუასთან ერთად, დაუსწრებლად ბრალი წარედგინა ასევე ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს. ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით. 

 

   "შსს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამასთან, ერეკლე კოდუამ დანაშაულში ჩართულ პირთა ხელმძღვანელობა დაავალა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი სირაძეს. ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით შემუშავებული გეგმის თანახმად, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სასტიკად უნდა გასწორებოდნენ ვალერი გელაშვილს და დაუფლებოდნენ მის ყველა ნივთს და დოკუმენტს.

2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი, ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს. ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს და დაუწყეს იარაღის კონდახებით სასტიკად ცემა. აღნიშნული პირები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს, მალხაზ ცხაკაიას.

   სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ერეკლე კოდუას დავალებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ვალერი გელაშვილს მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს კანონიერ მფლობელობაში არსებული "Hეცკლერ Kოცჰ"-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ავტომანქანიდან გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები.

  ერეკლე კოდუას მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა - ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ასევე ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა" - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

24-04-2014, 14:26
უკან დაბრუნება