ივერიონი / რატომ უჩივიან „რუსთავი 2“-ს?!

რატომ უჩივიან „რუსთავი 2“-ს?!

სკანდალი „X-ფაქტორში“!

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ზე დაიწყო მუსიკალური პროექტი „X-ფაქტორი“ და პირველი გადაცემის გასვლისთანავე სკანდალებში გაეხვა. ჟიურის წევრების დამოკიდებულებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და გიორგი გაბუნიას პირად შეურაცყოფაში ადანაშაულებენ. სტეფანე მღებრიშვილი, თამთა გოდუაძე, გიორგი გაბუნია და სოფო ტოროშელიძე ამ პროექტის ჟიურის წევრები არიან, თუმცა როგორც კომპოზიტორი და პროდიუსერი გიორგი შალვაშვილი აღნიშნავს, არაფრისმაქნისმა გაბუნიამ და ტოროშელიძემ სასწრაფო წესით უნდა დატოვონ პროექტი, რადგან მათ არა აქვთ მომღერლების შეფასების უფლება.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საქმე ეხება მომღერალ ბაია ასლამაზიშვილს, რომელმაც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჟიურის მოწონების და სამი კის მიუხედავად მომღერალი გარკვეული მიზეზების გამო პროექტში დაიბლოკა და არცერთი მისი ვიდეო ეთერში არ გავიდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომღერლის პროდიუსერი გიორგი შალვაშვილი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივის.

ცნობისთის, 29 წლის მომღერალ ბაია ასლამაზიშვილს უამრავ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბულგარეთში კონკურსში „დისქავერი 2012“ მან საუკეთესო ქალი ვოკალის ტიტული მოიპოვა და ჰოლივუდში მიიწვიეს, 2012 წელს იტალიაში გამართულ კონკურსზე „canzoni dal mondo” მეორე ადგილზე გავიდა.  მოლდოვაში ქართველმა მომღერალმა კი ნომინაციაში “ბრილიანტის ხმა“ ტიტული მოიპოვა, სტამბულში კონკურს „შაინ სტარსზე“ კი ის სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, სულ მალე  ის რუმინეთში მიემგზავრება, სადაცსატელევიზიო კონკურსში „george grigoriu” უნდა მიიღოს მონაწილეობა. საქართელოში კი დღემდე დაბლოკილია და როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ხმის მქონე მომღერალს, არცერთ კონკურსში არ უმართლებს. თუ რატომ, ვინ ბლოკავს, რა მოხდა რეალურად „x-ფაქტორში”, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით „ივერიონი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მომღერალ ბაია ასლამაზიშვილის პროდიუსერ გიორგი შალვაშვილთან.

 

-         ყველაფერი დაიწყო ასე: მომღერალ ბაია ასლამაზიშვილს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ X-ფაქტორში“მიეღო მონაწილეობა, რადგან ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ტარდებოდა „ჯეოსტარი“, „ნიჭიერი“, „საქართველოს ვარსკვლავი“, „ახალი ხმა“ აბსოლუტურად ყველგან იყო დაბლოკილი. მარინაბერიძეს ჰქონდა ნათქვამი, რომ ბაიას არც სმენა აქვს და არც ხმაო. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანმა ყვლაფერზე ხელი ჩაიქნია. იქიდან გამომდინარე, რომ „X-ფაქტორი“ მსოფლიო დონის კონკურსია და სულ სხვა კრიტერიუებით აფასებენ მომღერალს, იფიქრა, რომ გაუმართლებდა და ამიტომაც მიიღო მონაწილეობა. „რუსთავი 2“-ში მისვლის პირველივე დღიდან, მაშინ როდესაც ბაიამ ჟიურის წინაშე იმღერა, დაურეკეს და უთხრეს,  მოდიო. ძალიან მოეწონათ. მივდივართ ფილარმონიაში და კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ რა ფორმითაც იყავით რეგისტრაციაზე მოსული, იმ ფორმით უნდა იმღეროთო. ანუ იყო ჩვეულებრივად ჩაცმული და არა სასცენო ფორმით. გადის სცენაზე და პირველი კრიტიკა, რითაც დაიწყეს ჟიურის წევრებმა საუბარი, იყო მისი ჩაცმულობა. ამ დროს ჩაცმულობაზე არ არის ლაპარაკი, რადგან სხვა კონკურსანტებს თვითონ „რუსთავი 2“-მა ჩააცვა. რატომ გაკეთდა ასეთი აქცენტი ბაიაზე? ამაზე გამცეს ვინმემ პასუხი.

-         მაინც რა მიზეზი უნდა არსებობდეს,?

-         იმიტომ რომ ბაია ვიღაცეებს ხელს შეუშლიდა კონკურსში, რადგან ძალიან სერიოზული კონკურენტი იყო. ჩვენ ვცხოვრობთ უძაღლო ქვეყანაში, სადაც კატები ყეფენ და კნავიან, სამწუხაროდ, ეს კატები ჟიურის წევრები არიან, რომლებიც აფასებენ კონკურსანტებს ამხელა დონის კონკურსში. მე ნანახი მაქვს სხვადასხვა ქვეყნის X-ფაქტორი“, სადაც არის სასაცილო მომენტები, მაგრამ არა პირადი შეურაცყოფები.ამ დონის შეურაცხყოფები, რაც აქ ხდება, არსად არ არის.

-         ჟიურის წევრებზე რას იტყვით?

-         ჩემამდე არ მოდის, რატომ უნდა გადაწყვიტოს გიორგი გაბუნიამ კონკრეტული მომღერლის ბედი. გიორგი გაბუნიამ უშეცდომოდ მიმღეროს „ჭრელო პეპელა“ და ხმას აღარ ამოვიღებ. ეს რომ ვთქვი, მითხრეს, რომ მელომანია ძლიერიო- მელომანია ყველა. პაპაჩემი შიოლაც და მამაჩემიც.ამათ დონეზე დავსვა ამხელა პროექტი? ან რა შუაშია ჟიურიში სოფო ტოროშელიძე, ვინ ამიხსნის? ადამიანი რომელიც შემთხვევით მოხვდა „ევროვიზიაზე“, იმიტომ, რომ ჯგუფ „ელდრაინის“ სოლისტი არ  გაუშვეს და მის მაგივრად იმღერა სოფომ. გეხვეწებით მითხარით, ერთი ნორმალური, საზოგადოებრივი კონცერტი, რომელიც ხალხს დაამახსოვრდა. რატომ უნდა გადაწყვიტოს მომღერლების ბედი სოფო ტოროშელიძემ? ეს ბუმბერაზი მუსიკოსები, რომლებიც გვყვავს ჩვენს ქვეყანაში, დაილია? ვერ გავიგე ეს ორი ადამიანი საერთოდ რა როლს ასრულებს. არაფერს ვამბობ თამთა გოდუაძეზე, რადგან ის ევროპული დონის მომღერალია, საბერძნეთში არის ძალიან პოპულარული, რომელსაც არ ეშლება ჩაცმა, პლასტიკა, ვიზაჟი, გემოვნება, მღერის არჩვეულებრივად და საერთოდ არაფერი არ ეშლება. რაც შეეხება სტეფანე მღებრიშვილს, ის არ არის ვაუ და სუპერ ვოკალის მქონე მომღერალი, მაგრამ არის არაჩვეულებრივი პროდიუსერი ჟიურიში, არ ვარ მისი წინააღმდეგი, რადგან სტეფანეს აქვს ის ხედვები, რაც უნდა ჰქონდეს.

-         თქვენ ამბობთ, რომ ამ პროექტში ბაიას სახით ძლიერი კონკურენტი არ უნდოდათო, თუმცა ამ პროექტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლა ძალიან კარგად მღეროდა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიბლოკა მაინცდამაინც ბაია ასლამაზიშვილი?

-         არ ვიცი, არა მაქვს პასუხი, არც ისაა გამორიცხული რომ კონკრეტული ადამიანის ინტერესის გამო დაიბლოკა ბაია, მაგრამ ეჭვის დონეზე ვიცი და  ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ვგეგმავ. თვითონ გამოყოფს თავს ის კუ, რომელიც იმალება. ამ საკითხთან დაკაშირებით ჩემი იურისტები უკვე მუშაობენ, ფილარმონიაში ეძახიან ბაიას, რომ სასწრაფოდ მოდი, ხელი მოაწერე რეგისტრაციაზეო და ამ დროს, თურმე ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე. საერთოდ ყველა ქვეყანაში ხდება ესე: როდესაც ტარდება ასეთი დონის კონკურსი, კონკურსანტები სხდებიან და ეცნობიან კონტრაქტის პირობებს, ეცნობიან წესდებას და ამ ყველაფრის შემდეგ მომღერლები აწერენ ხელს. აქედან კონტრაქტის ერთი ასლი რჩება ტელეკომანიაში,ხოლო მეორე მომღერალთან. ჩვენ არა გვაქვს კონტრაქტის მეორე პირი.  ხმამაღლა ვიძახი, რომ „რუსთავი 2“ არის „ცირკაჩების“ უზარმაზარი არენა. იხდის უამრავ თანხებს იმაში, რომ ხალხი გაართოს, ხალხი გამოაშტეროს, გამოადებილოს, ვიღაცას შეაცოდოს გაჭირვებული კონკურსანტით თავი, რომ შემდეგ ფინალში გაიყვანონ და „sms“-ით ამდიდროს ესა თუ ის კომპანიები. ეს არ არის შოუბიზნესი და ვერც ვერასდროს იქნება.

-         რას აპირებთ?

-         პირველ რიგში პრესკონფერენციას მოვაწყობ, რადგან ფართო საზოგადოებამ უნდა გაიგოს ამ კონკურსის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია. მეორე _ აუცილებლად დავუკავშირდები ცენტრალურ ოფისს და ყველა იმ დეტალზე მოვითხოვ

-         პასუხის გაცემას, თუ რატომ არა მაქვს მე კონტრაქტის მეორე ასლი, ან რაზე აწერინებენ კონკურსანტს ხელს.

-         მოითხოვეთ კონტრაქტის მეორე ასლი და არ მოგცეს?

-         მე არც ვიცოდი საერთოდ ხელშეკრულება დაიდო თუ არა.

-         რატომ?

-         როდესაც პირველად „რუსთავი 2“-ში მივედით, ბაიასთან ერთად მე შიგნით არ შემიშვეს, რადგან მხოლოდ კონკურსანტებიო და ყველანაირი აგრესიის გარეშე, არაფერი მითქვამს და ველოდებოდი გარეთ. ფილარმონიაში, გარდერობში, სადაც პალტოებს კიდებენ, შეიძლება მაგ ადგილას კონტრაქტის დადება? ზის ვიღაც გოგო და კონკურსანტებს ეუბნება, ჩქარა, ჩქარა მოდით მოაწერეთ ხელიო და ისიც არ იციან, რომ კონტრაქტი უდევთ წინ და არა გამოცხადების ფურცელი.

-         სასამართლოში ჩივილს აპირებთ?

-         აუცილებლად.

-         „რუსთავი 2“-ის თუ კონკრეტულად ამ პროექტის წინააღმდეგ აპირებთ საჩივრის შეტანას?

-         ამას ჯერჯერობით არ გავახმაურებთ, რადგან არის რაღაცა დეტალები, რომელიც ჩვენს იურისტებს უნდა შევუთანხმოთ. ერთს გეტყვით, რომ ამაზე უკვე ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის. ვიღაცამ თუ არ ამოიღო ხმა, დამერწმუნეთ, რომ X- ფაქტორის“ შემდეგ იქნება, რაღაცა „შიბლა-ფაქტორი“.  მერწმუნეთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ყველა დაბოღმილი ამოიღებს ხმას, შიგნით იქნება X-ფაქტორი“, გარეთ იქნება აქცია.

-         კონკრეტული მოთხოვნა რა იქნება?

-         უპირველეს ყოვლისა, მიდა ამ ორი არაფრის მაქნისი ჟიურის წევრის გიორგი გაბუნიას და სოფო ტოროშელიძის მოშორება პროექტიდან.

-         მიაღწევთ?

-         გულს მაინც მოვიფხან და მერწმუნეთ, რომ მივაღწევ.

„ივერიონი“ მომღერალ, კონკურსანტ ბაია ასლამაზიშვილს დაუკავშირდა.

-         ბაია, გაეცანი კონტრაქტის პირობებს?

-         არა, იმიტომ რომ არ ვიცოდი კონტრაქტი იყო ის, თუ უბრალოდ კონკურსანტების სია, რადგან იქ შეუძებელი იყო, რომ რამეს გაცნობოდი. ყველაფერი დაჩქარებულ ტემპში კეთდებოდა, როცა მე ხელი მომაწერინეს, უკვე კონცერტზე გასვლა მიწევდა და ფიზიკურად ვეღარ აკვირდები ამ სიჩქარეში, ქაოსურ სიტუაციაში იმას თუ რაზე აწერ ხელს. ჩვენ იურისტს ვესაუბრეთ და გვითხრა რომ გამოვითხოვოთ ეს ხელშეკრულება, მაგრამ „რუსთავი 2“ არ გვაძლევს ამ ხელშეკრულებას.

 

გიორგი საკარული

24-04-2014, 14:50
უკან დაბრუნება