ივერიონი / ქართველი მებრძოლების ბარათები ავღანეთიდან

ქართველი მებრძოლების ბარათები ავღანეთიდან

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის "წერილი ჯარისკაცებს" ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს 75 საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში მიმდინარე "ISAF" -ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს მხარდაჭერის 700-ამდე წერილი გაუგზავნეს.

   ქართველმა ჯარისკაცებმა ბარათების ნაწილს უკვე უპასუხეს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები თბილისის 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და IV-V კლასის მოსწავლეებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წერილები გადასცეს. ღონისძიების მონაწილეებმა ავღანეთში გადაღებული ვიდეოკადრებიც ნახეს, სადაც ქართველი ჯარისკაცები ბავშვების წერილების გაცნობისას მიღებულ ემოციებს ვერ ფარავენ. 

    პროექტის - "წერილი ჯარისკაცებს" მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლების მხარდაჭერა და მოზარდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.

   ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი, ახალი პროექტის - "ჩვენი ჯარისკაცების" დაწყების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ესეებს შექმნიან. გამარჯვებული მოსწავლეები კი, თავდაცვის სამინისტრო ოფიცრის საათებით დააჯილდოვდებიან. პროექტში - "ჩვენი ჯარისკაცები" გამარჯვებულები 26 მაისს გამოვლინდებიან.

 

24-04-2014, 17:16
უკან დაბრუნება