რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თბილისში, სოლოლაკში დაიბადა. ის წარმომავლობით სომეხია, მისი ნამდვილი გვარი კი ქალანთაროვია, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ყოფილმა დეპუტატი, ვან ბაიბურთი ავრცელებს. მისი თქმით სერგეი ლავროვი სასკოლო ასაკამდე სოლოლაკში, ჩაიკოვსკის და იაშვილის ქუჩების კუთხეში ცხოვრობდა. დეპუტატის თქმით, რუსეთის პირველი დიპლომატის ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ბაიბურთი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი საკუთარ წარმომავლობას არ მალავს.
-"ვიცი, რომ სერგეი ლავროვის ნამდვილი გვარი ქალანთაროვია. 2005 წლის 17 თებერვალს, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში ყოფნისას, მას სტუდენტებმა ჰკითხეს, თქვენი სომხური წარმოშობა ხელს ხომ არ გიშლითო? მან უპასუხა, მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ რომ მამაჩემი იქიდან არის, მე სომხური სისხლი მაქვს, სხვა სისხლი ჩემში არ ყოფილა. ეს სისხლი ხელს არაფერში მიშლისო. მახსოვს, ასეთი პასუხი გასცა სერგეი ლავროვმა სტუდენტებს და აღიარა, რომ სუფთა სისხლის სომეხია. მისმა ოჯახმა თბილისი მანამ დატოვა, ვიდრე ლავროვი სასკოლო ასაკს მიაღწევდა. ის წარმოშობით კარგი ოჯახიდანაა. მისი ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი, მამა კი – ინჟინერი იყო. მის მამას, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (გეპეი) ჰქონდა დამთავრებული", – განაცხადა ვან ბაიბურთმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუხედავად სომხური წარმოშობისა, მშობლიური ენა არ იცის. მისი თბილისელი წინაპრებიც რუსულენოვანები ყოფილან.
წყარო:armada.ge