ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი:-"მოსახლეობას შეეძლება გააკონტროლოს და პასუხი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"მოსახლეობას შეეძლება გააკონტროლოს და პასუხი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას"

   სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების"  წინასაარჩევნო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

   -"საქართველოში პირველად მოხდება 12 თვითმმართველი ქალაქის და 59 რაიონის გამგებლის პირდაპირი წესით არჩევა და მეამაყება, რომ ამ პროცესს თქვენთან ერთად ჩვენი მთავრობა უდგას სათავეში. ამ არჩევნების მონაპოვარი იქნება ის, რომ ქვეყნის მართვა ცენტრალური ხელისუფლების მითითებით, დავალებით მოხდება და ადგილი აღარ ექნება ერთი ადამიანის მიერ გაცემულ დავალებებს. თავად ხალხი შეძლებს ქვეყნის მართვას ჩვენთან ერთად. აი, სწორედ ეს არის ნამდვილი დემოკრატიული მმართველობა. სწორედ ამ სისტემით მიაღწია ევროპამ განვითარების ასეთ მაღალ დონეს და ჩვენც ეს გზა ავირჩიეთ. ეს გზა ნიშნავს მოქალაქეებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას თავად აირჩიოს ხელისუფლება ადგილობრივ და თვითმმართველურ დონეზე, მაგრამ ყოველივე ეს თითოეულ ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენს სოფელსა თუ ქალაქზე, ჩვენს ქვეყანაზე. ხალხს ახლა ეძლევა საშუალება, რომ აკონტროლოს ხელისუფლება, რაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ჩემი აზრით თვითმმართველობის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის ის, რომ მოსახლეობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს მის მიერვე არჩეულ მმართველებს, მოსახლეობას შეეძლება გააკონტროლოს და პასუხი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თუ ამის საჭიროება დადგება".

   პრემიერმა ყველას შეახსენა, რომ სწორედ მისი ინიციატივით არჩევნებზე მერები და გამგებლები აირჩევა 50%-ანი ბარიერით, რაც ნიშნავს მათ დიდ ლეგიტიმაციას. ეს ყველაფერი საფუძველს უყრის მართვის დემოკრატიულ სისტემას და პრემიერს სჯერა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაადგება წინსვლისა და განვითარების გზას, რომლიდანაც გადახვევა არ იქნება ადვილი. 

 

26-04-2014, 17:35
უკან დაბრუნება