საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გადადება სთხოვა. მისი აზრით, საჭიროა ეკლესიისა და საზოგადოების ფართო მასების ჩართულობა კანონპროექტის განხილვაში, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მართლმადიდებელი მრევლის აღშფოთება არ გამოიწვიოს და უარყოფითად არ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობაზე.
ერის სულიერი ლიდერის განცხადებით, დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ცნება "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა", რადგან, კონსტიტუციით ისედაც გარანტირებულია ნებისმიერი მოქალაქის უფლებები და აქედან გამომდინარე, გარკვეული ჯგუფის უფლებების დაცვა დაკონკრეტებას არ საჭიროებს!
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღებას ცოდვის დაკანონებად და პროპაგანდად მიიჩნევს...
მართალია, კანონპროექტი ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული და დეტალური განხილვა, როგორც წესი, მეორე მოსმენით იგეგმება, მაგრამ პირველი მოსმენისას კენჭისყრის შედეგებმა (110 არც ერთის წინააღმდეგ) აჩვენა, რომ იგი ყოველგვარი შესწორების გარეშე გრიალ-გრიალით შეიძლება გავიდეს.
როგორც მისი უწმინდესობის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი აღიარებს სხვადასხვა ხალხების (ერების) კულტურასა და ტრადიციებს, აქედან გამომდინარე, იგი მზად არის პატივი სცეს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსაც, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ისმება კითხვა: თუ აღნიშნული ტერმინების კონსტიტუციაში ჩაწერა ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი არ არის, მაშინ, რატომ იკლავენ თავს კანონპროექტის ინიციატორები და მათი მხარდამჭერები (უპირველესად, ენჯეოებს ვგულისხმობ) სექსუალური უმცირესობებისთვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად?! რატომ გახდა, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, ქართული ეკლესია სხვადასხვა ჯურის ენჯეოებისა და მათი ბრმა თანამოაზრეების თავდასხმის ობიექტი?
მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეკლესია სახელმწიფოს სწორი ორიენტაციის ფორმირებაში არ უნდა ერეოდეს. ალბათ უფრო დიდი დანაშაული იქნება, სასულიერო იერარქია გულხელდაკრეფილი იჯდეს, როცა მისი სამწყსო უფსკრულისკენ მიექანება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას განსხვავებული ფუნქციები აკისრიათ, მათ ერთი რამ უნდა აერთიანებდეთ _ ზრუნვა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამწყსოს უკეთესი მომავლისთვის.
დედაეკლესიამ უცხო ტომელთა გამუდმებული დევნისა და შევიწროვების გარდა, საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმიც გამოიარა, რომელიც საკუთარი იდეოლოგიის დამკვიდრების მოტივით სპობდა და ანადგურებდა ყველაფერს, რაც ჭეშმარიტ რწმენას უკავშირდებოდა. აღნიშნული რეჟიმის რღვევასთან ერთად დაიწყო ათეისტური საზოგადოების გაეკლესიურობის პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება!..
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივად შენდებოდა (და დღესაც შენდება) ახალი ეკლესია-მონასტრები, ასევე მასობრივად ხდება ადრე არსებულის აღდგენა-რესტავრირება, მრევლიც დღითიდღე მატულობს, ქვეყანა სულიერების ხარისხით თავს ვერ მოიწონებს! ეს როგორც ერს, ისე ბერს თანაბრად ეხება!
დღეს ბევრს საუბრობენ რუის-ურბნისის ახალი კრების მოწვევის აუცილებლობაზე, რომელსაც ახალი დავით აღმაშენებელი სჭირდება. მართალია, ჩვენი უდიდესი წინაპრის აჩრდილი ჯერჯერობით საქართველოში არ დადის, მაგრამ საკითხის თუნდაც ამგვარად დაყენება ნიშნავს, რომ ეკლესიაში საქმე ცუდადაა და იგი "უცხო სხეულისგან" უნდა განიწმინდოს!
ასეთი მიდგომა სულაც არ აკნინებს მისი უწმინდესობის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე. დედაეკლესია მარტო კათოლიკოს-პატრიარქი არ არის, იგი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც განახლება, "უცხო" მინარევებისგან გაწმენდა სჭირდება. დღეს ბევრს აბრკოლებს (და აღიზიანებს კიდეც) ეკლესიას მიტმასნილი სასულიერო პირების ლტოლვა მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭისკენ. განსაკუთრებული განკითხვის საგანია ძვირადღირებული ჯიპებითა და სხვა ამქვეყნიური კომფორტით გატაცება, თუმცა, ეკლესია მარტო მღვდელიც არ არის-ის უფლის სახლია და მართლმადიდებელი მრევლი იქ სწორედ უფლის საძიებლად უნდა დადიოდეს!..
ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, ყოფილმა ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ სხვა საკითხია, საით უნდა მიმართო კრიტიკის მახვილი. ის, რაც დღევანდელ ეკლესიაში სამწუხაროდ ხდება, სხვადასხვა მიზეზების გამო სულაც არ არის პატრიარქის უძლურების ნიშანი _ ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობები არსებობს და მადლობა უფალს, რომ მისი ყოველდღიური ღვწითა და ლოცვა-კურთხევით ერი, როგორც ერთიანი სხეული, ცოცხალია!
ახლა კი სათაურში გამოტანილი "ნაციონალების" უკანასკნელ "იარაღს" დავუბრუნდები:
სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ "ნაციონალებს" საკმარისზე მეტი კომპრომატები აქვთ არა მარტო ყოფილ და დღევანდელ ჩინოვნიკებზე, არამედ, სასულიერო პირებზეც, მათ შორის, მაღალი იერარქიის წარმომადგენლებზეც კი...
მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ საზოგადოებისთვის ერთადერთი ავტორიტეტი იყო ეკლესია, რომელსაც მრევლი დღითიდღე ემატებოდა. განსაკუთრებით განუზომელი იყო (და დღესაც არის) მისი უწმინდესობის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ავტორიტეტი, რომელიც თავისი ბრძნული პოლიტიკით (ოღონდ, მისი პოლიტიკა არსებითად განსხვავდება დღევანდელი პოლიტიკოსების მოღალატური და კომფორტზე და გროშებზე დახურდავებული ქმედებებისგან) ახერხებს მძიმე განსაცდელის ჟამს იხსნას მშობლიური სამწყსო კატასტროფისგან. მისი ბრძნული და ქვეტექსტებით გაჯერებული ქადაგებები და საგანგებო განცხადებები სწორედ მაშინ ჩნდება, რიცა ერს ყველაზე მეტად უჭირს, როცა ამის აუცილებლობა არსებობს! მისი გუშინდელი განცხადებაც ამის უტყუარი დასტურია - საქართველოს პატრიარქი გრძნობს, რა გაგრძელება (გართულება) შეიძლება მოჰყვეს ანტიდისკრიმინაციული კანონის პარლამენტში წარმოდგენილი სახით მიღებას...
თუმცა, საქართველო მარტო დედაეკლესია არ არის - პირიქით, ეკლესია ქართული საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, რომელსაც ერის სულიერი განწმენდა და სულიერების გზაზე დაყენება ევალება. იგი არც სადამსჯელო ორგანოა, ურჩი კანონშემოქმედები დასაჯოს, ან სამარცხვინო ბოძზე გააკრას. მისი ქმედებები ყოველთვის მოზომილია და კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებისკენაა მიმართული. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც _ პატრიარქი საზოგადოებას საქმის კურსში აყენებს და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე მისთვის ჩვეული სიბრძნითა და სიდარბაისლით ესაუბრება. დანარჩენი თვით საზოგადოების გადასაწყვეტია - მან უნდა აიძულოს ხელისუფლება (ამ შემთხვევაში პარალმენტარები) კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან და ეროვნულ ტრადიციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მან საკუთარი პრინციპულობით უნდა დაანახოს შიდა თუ გარეულ მტრებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ფასეულობებისადმი ერთგულება!
აღნიშნული კანონპროექტისადმი დამოკიდებულებით დღევანდელი პარლამენტარები არსებითად ახდენენ საკუთარი პერსონის კიდევ ერთხელ ლუსტრირებას. პირადად ჩემთვის ყოვლად მიუღებელია რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის ცინიკური განცხადება, რომ "პატივს სცემს პატრიარქს", მაგრამ მათ უკეთ იციან, თუ რა კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა. ნუ გვავიწყდება, რომ ბერძენიშვილი დღევანდელი მმართველი კოალიციის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც ასეთი სისხლხორციეული საკითხების მიმართ ყოველთვის არაქართული (არაეროვნული) პოზიცია უჭირავს. სამწუხაროდ, ბევრია დღევანდელ პარლამენტში ასეთ ბერძენიშვილები. თუ კომპრომისული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მეორე მოსმენით შესწორებების გარეშე განიხილავს, უნდა მოხდეს სახელობითი კენჭისყრა, რათა საზოგადოებამ იცოდეს- ვინ ვინ არის და ვის ინტერესებს ემსახურება იგი!
საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, ვისთვისაც ძვირფასია ტრადიციებისადმი ერთგულება, ფეხზე უნდა დადგეს და პერმანენტული აქციებით მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება!
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს კანონპროექტი შეიძლება საზოგადოების აზვირთების წინაპირობა გახდეს. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ შენელებული ნაღმი აუცილებლად უნდა აფეთქდეს, რომ წინასწარი პრევენციით მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი დამანგრეველი შედეგები!
P.S. სარწმუნო წყაროები იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალები" სასულიერო პირების მიმართ არსებულ კომპრომატებს საგულდაგულოდ ინახავენ და მხოლოდ ყველაზე უკიდურეს სიტუაციაში გამოიყენებენ. მიზანი ნათელია: ეკლესიის საბოლოო დისკრედიტაცია და მრევლის აპათიაში ჩაგდება. თუმცა, მათ კარგად იციან, რომ ეს "იარაღი" მათთვისაც მომაკვდინებელი იქნება - იგულისხმება არა მარტო "ნაციონალების" პოლიტიკური დასასრული.
საქმე შეიძლება აქამდე არც მივიდეს - გააჩნია, რა რეაქცია ექნება მართლმადიდებელ მრევლს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით და რამდენად სწორად იქნება გაგებული პატრიარქის გაფრთხილება!
ზაურ ნაჭყებია