საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართელოს პრეზიდენტმა ესტონეთში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის, ესტონეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან .
ვიზიტის შედეგები მარგველაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეაჯამა.
„ეს იყო უაღრესად იმედის მომცემი შეხვედრები, განსაკუთრებით ისეთ დაძაბულ ვითარებაში, როგორიც ახლა არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ესტონეთის სრული მხარდაჭერა როგორც ნატოში ინტეგრაციის, ისე ევროპასთან ასოცირებისა და ევროპულ ოჯახში გაწევრების თვალსაზრისით. ეს იყო მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა საქართველოსა და ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიული კურსის მიმართ. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რაც ყველა შეხვედრაზე აღვნიშნე - ჩვენ დიდად ვემადლიერებით ესტონელ პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღის ბოლოს საქართველოს პირველი პირი ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად თბილისში გამოემგზავრა.