"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე საჯაროდ აცხადებს, რომ მისი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებას მოიპოვებს!
კოალიციის ლიდერი გვპირდება, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მსგავსად სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც საინტერესო ადამიანებს წარადგენს, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ "ქართული ოცნების" კანდიდატებს.
ასეთ შედეგს ნამდვილად მივესალმებოდი, თუმცა, არა იმდენად ბურჯანაძის კოალიციის ზედმეტი სიყვარულის გამო, რამდენადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმატება უფრო ბუნებრივსა და საინტერესოს გახდიდა ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას. ყოველ შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს ნამდვილად მოხსნიდა...
ანალოგიური წინასაარჩევნო რიტორიკა სხვა ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციებისთვისაც უცხო არ იქნება, თუმცა, მათ ჩვენზე უკეთესად იციან, რომ კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, არასაპარლამენტო ოპოზიციის პროგრამა-მაქსიმუმი, არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ, 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დაბალია, "ქართულ ოცნებას" (მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობისა) აქვს რეალური შანსი მისთვის სასურველი შედეგები დადოს (გააფორმოს) და ამით ფაქტიურად სათავეც დაუდოს ერთპარტიულ მმართველობას!
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიცია საკმაოდ მყიფეა "ნაციონალების" მსგავსად ისინის ეცდებიან შეინარჩუნონ ფორმალური ერთობა მანამ, სანამ ამის აუცილებლობას იგრძნობენ.
სხვადასხვა ფაქტების გათვალისწინებით მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალების" შანსი (1 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით) საკმაოდ მცირეა, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ "ქართული ოცნება" არ იქნება დაინტერესებული მეორე "საპატიო" ადგილი თავადვე უფეშქაშოს.
როგორც ვთქვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მცირეა, მაგრამ, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მივედით, ახლანდელი არჩევნების შედეგები პირდაპირ აისახება საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც. ასე და ამგვარად, მმართველი კოალიცია მის ხელთ არსებული ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ არასასურველი ოპონენტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არ შეუშვას.
უპირველესად, ეს ეხება ბურჯანაძის კოალიციას ("ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია"), რომელიც საარჩევნო ბარიერს ალბათ გადალახავს, მაგრამ თვითმმართველობის ორგანოებში სერიოზული ოპოზიციის ნიშას ვერ დაიკავებს (ბურჯანაძისადმი მმართველი კოალიციის ნეგატიური დამოკიდებულება საპრეზიდენრო არჩევნებში აშკარად გამოჩნდა). ამის შანსი არც სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს გააჩნიათ.
მაშ, რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას, თუ წინასწარ იცი, რომ შენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია?! რატომ არ არის არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის პროგრამა-მაქსიმუმი არჩევნებში გამარჯვება?!
საკამათო არ არის, რომ მათი უმრავლესობის პროგრამა-მაქსიმუმი საარჩევნო ბარიერის გადალახვაა, რომლის მიღმა სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება (500 ათასი ლარი წელიწადში) და კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიად "კურთხევა" იმალება!
ძნელი სათქმელია დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს შეიძლება გააჩნდეს ამის შანსი, ან რომელი იმსახურებს ამომრჩევლის მხარდაჭერას.
ერთი რამ ცხადია: ვიდრე ე.წ. ოპოზიციური სპექტრი უფრო არ შემჭიდროვდება და ამომრჩეველთან ურთიერთობა მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ გაახსენდებათ, საქართველო მოჯადოებულ წრეზე დიდხანს იტრიალებს _" ქართულ ოცნებას" კოჭებში ეტყობა, რომ "ნაციონალებზე" ნაკლები მადა არც მათ არა აქვთ!
საბა საბახტარაშვილი