ანტიდისკრიმინაციული კანონის დღევანდელი რედაქცია დისკრიმინაციულ ქმედებებთან ბრძოლის ეფექტურ მექანიზმებს არ შეიცავს, - ამის შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საია საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ ანტიდისკრიმინაციული კანონის არსს იზიარებს, თუმცა, შენიშვნა პროექტის იმ ნაწილთან აქვს, რომელიც დისკრიმინაციის ჩამდენი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას და მის შესრულებაზე მეთვალყურეობას გულისხმობს.
"ვფიქრობ, მიზანი მაშინ იქნება მიღწეული, თუ კანონში ანტიდისკრიმინაციული ფაქტის ჩამდენი პირის მიმართ პასუხისმგებლობის ფორმა მკაფიოდ აისახება და იგი მიმართული იქნება მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციისკენ. თუ კანონში იქნება ჩანაწერი, რომ ესა თუ ის ქმედება არის კანონდარღვევა, მაგრამ ამავე კანონში არ იქნება ეფექტური მექანიზმი კანონდამრღვევის დასასჯელად, შესაძლოა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა დისკრიმინაციული ფაქტების წახალისება გამოიწვიოს" ,- განმარტავს კოჟორიძე.
საია პარლამენტს ინიციატივით მიმართავს და ანტიდისკრიმინაციულ კანონში აღნიშნული ნაწილის ალტერნატიული ჩანაწერის გაკეთებას სთავაზობს.
"ჩვენ მივმართეთ პარლამენტს კონკრეტული, მუხლობრივად გაწერილი ალტერნატიული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ დისკრიმინაციული ქმედება გამოვლინდა, სახალხო დამცველი მას ფაქტის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართავს. ამ შემთხვვაში, პირი ვალდებული იქნება სახალხო დამცველს ანგარიში წარუდგინოს, რა ღონისძიებები გატარდა რეკომენდაციის შემდეგ. ანგარიშის გაცნობის შემდეგ, თუ სახალხო დამცველი ჩათვლის, რომ პირს პრობლემის აღმოფხვრისთვის არაფერი გაუკეთებია, იგი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც გადაეგზავნება სასამართლოს. ამ დავაში, პირის დაჯარიმების ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო მიიღებს" - აცხადებს კოჟორიძე.
აქვე, საიას თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დისკრიმინაციული ქმედების ჩამდენთა მიმართ, პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა ანტიდისკრიმინმაციული კანონი იმ შემთხვევების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვა 16 აპრილს დაიწყო. პარლამენტმა პირველი მოსმენის შემდეგ, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში პირველი შესწორება შეიტანა და ის მუხლი ამოიღო, სადაც კანონის მოქმედების სფერო და დისკრიმინაციული ქმედების ჩადენის ადგილი იყო დაკონკრეტებული.
მირანდა ჭარხალაშვილი