პარლამენტში წარდგენილმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა საზოგადოებაში, მათ შორის სასულიერო წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. "ივერიონი" იწყებს ბლიც-ინტერვიუების სერიას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკაშვირებით. ამჯერად ჩვენს კითხვებს ეკონომიკურ მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი პასუხობს.
- ბატონო მიხეილ, თქვენის აზრით რა გახდა ამ კანონის დაჩქარებული წესით პარლამენტში ,,შემოგდების" მიზეზი და რამდენად სავალდებულოა ასე სულსწრაფობით მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოსაწერად?
- ჩემის აზრით, დოკუმენტის ხელმოწერასთან ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან, მისი პარაფირება ამ კანონის გარეშეც მოხდა. გამოცხადებულია თარიღი და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, თუ რამე სისულელე არ ჩაიდინა ჩვენმა მთავრობამ.
- გარკვეული ძალები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს დამატებითი გარანტიებით თუ არ დაიცავთ, ევროპის ნაწილი ვერ გავხდებითო. ამით ქართულ საზოგადოებას ხომ არ ვუჯანყებთ ევროპას?
- ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობაში არაფერია ნათქვამი ანტიდისკრიმინაციული კანონის ასეთი შინაარსით მიღებაზე. ევროპის წინააღმდეგ საზოგადოებას კი ის მთავრობა განაწყობს, ვინც პოლიტიკურად ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ევროპულ ორიენტაციას!
- ამ კანონის მიღება თუ დავალება არ არის, ჩვენი პოლიტიკოსები და მათი იდეური მხარდამჭერები რატომ იჩენენ ზედმეტ ინიციატივას და აღიზიანებენ საზოგადოებას?!
- ეტყობა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ინიციატორები თავიანთ თავზე უფრო ფიქრობენ, მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ სხვა სარჩული შეიძლება ჰქონდეს მათ გადაჭარბებულ ინიციატივას?!
ესაუბრა ია ჯღარკავა