პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ დისკრიმინაციის ჩამონათვალზე ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია აქვს. მისი თქმით ამ კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ან ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია გარკვეული ჯგუფების მიერ.
-"ყველას მივმართავ არ წამოვეგოთ ამ პოლიტიკური ჯგუფების სპეკულაციაზე, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეყავთ და ამბობენ, რომ ამ კანონში ახალ ტერმინს ვხმარობთ და ამით რაღაცას ვამკვიდრებთ. ჩამონათვალში წერია, რომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია, ნიშნავს ეს იმას, რომ რომელიმე არაქრისტიანული რელიგიის პროპაგანდას ვახდენთ? ამას ხომ არავინ გვეუბნება და ეს ამას ხომ არ ნიშნავს? ან როდესაც ვწერთ, რომ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე სხვა ერის პროპაგანდას ვახდენთ? არა, რა თქმა უნდა. ასევეა, როდესაც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბარი. ამით არავის და არაფრის პროპაგანდა არ ხდება ერთი რამის გარდა. ამ კანონით ხდება პროპაგანდა იმისა, რომ ძალადობა არის დანაშაული, ცოდვა და მიუღებელი თანამედროვე საზოგადოებაში და ამ ნიშნებით ძალადობის გამართლება ცივილური, კანონიერი და ქრისტიანული არაა. ეს წერია ამ კანონში".
მისი თქმით დისკრიმინაცია დაუშვებელია, მაგრამ ზოგჯერ დასაშვებია უფლებების შეზღუდვა თუ ეს ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ პრინციპებს, საზოგადოებრივ მორალსა და პრინციპებს. რაც შეეხება ჩამონათვალს ეს ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარია. ეს სწორედ ქრისტიანული მორალის, კულტურის, შემწყნარებლობის, სიყვარულის ჩამონათვალია.