საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "ობიექტივის" სამაუწყებლო ლიცენზიის აღდგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სხდომა, რომელზეც 2014 წლის 5 ივნისს, 16:00 საათზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენა გაიმართება საჯაროა და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
კომისიამ საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების საფუძველზე დაიწყო. პარლამენტის ეს დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (საანგარიშო პერიოდი: 2013 წლის 1 მაისი - 2013 წლის 1 ნოემბერი) საფუძველზე იქნა მიღებული.