1 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, მონაცემების ელექტრონული ვერსია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იოსებ ბაღათურიამ გადასცა.
-"ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით სააგენტოს გაწეული სამუშაოსთვის. ცესკო მათ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემებს, კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაამუშავებს და ასევე კანონმდებლობის შესაბამისად გამოაქვეყნებს მის საჯარო ვერსიას; რის შემდეგაც, ყველა უფლებამოსილ, დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მიიღოს აღნიშნული საჯარო ვერსია და თითოეული მოქალაქე კი უკვე შეძლებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას," -აცხადებს თამარ ჟვანია.
სააგენტოს მიერ გადმოცემულ მასალაში 3, 553, 673 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემებია ასახული.
ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას საოლქო საარჩევნო კომისიები, გამოკვრის მიზნით საუბნო კომისიებს 16 მაისს გადასცემენ, სადაც ამომრჩევლებს უკვე საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეეძლებათ.