გუშინ ტელეკომპანია „მაესტროში“ გამოსვლისას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს „ყველაზე ცუდი კანონი“ უწოდა. მან შემჭიდროებულ საეთერო დროში დააკონკრეტა, თუ რატომ არის ეს კანონი „ცუდი“ და საფრთხის შემცვლელი და რა უდევს საფუძვლად კანონპროექტის ინიციატორთა ასეთ თავგამოდებულ ქმედებას.
ვასაძე თვლის, რომ პარლამენტარები „ზემდგომთა დაკვეთას“ ზედმიწევნით ასრულებენ და ამით საფრთხეს უქმნიან მართლმადიდებლობის ზეობას ქვეყანაში - საქმე ეხება წმიდათაწმიდა ქრისტიანული ფასეულობების ნიველირებას, რომელიც ერს დამანგრეველ შედეგებს მოუტანს.
ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში ხალხმა დეპუტატები კინწისკვრით გამოაგდონ პარლამენტიდან.
ერთი სიტყვით, საკმაოდ დამაფიქრებელია ვასაძის ღია განცხადება, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. მითუმეტეს, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის მიუღებელია კანონპროექტის არა მხოლოდ ასეთი ფორმით დამტკიცება, არამედ, საერთოდ ამ კანონის მიღება!
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, პარლამენტმა არ გაითვალისწინა პატრიარქის თხოვნა თავი შეეკავებინათ კანონპროექტის განხილვაზე.
დიახ, ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხიოლმა აჟიოტაჟმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლება ღიად, თუ ფარულად არაქართულ თამაშს თამაშობს, ხოლო ეკლესია, ის აუღებელი ბასტიონია, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია დარაზმოს საზოგადოება, თუ ამის აუცილებლობა იარსებებს!..
ქვეყანაში სასულიერო პირების უკომპრომისო პოზიციამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ის მინიმალური შედეგები (მუხლობრივ ცვლილებებს ვგულისხმობ), რომლის მიღწევა მარტივ მამრავლებად დაშლილ საზოგადოებას ძალიან გაუჭირდებოდა!
ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ჩამარხულ ნაღმებზე, რომელიც ხვალ-ზეგ სერიოზულ პრობლემას გაუჩენს ქვეყანას!..
ერთი რამ უდავოა: როცა საქმე მართლმადიდებელი ერისთვის საჩოთირო თემას ეხება, ერიც და ბერიც ფეხზე უნდა დადგეს და ჩვენს მიერ არჩეულ, მაგრამ სინამდვილეში უცხოეთისგან თავსმოხვეულხელისუფლებას იმის უფლება არ უნდა მისცეს, რომ თავისი „აქტიურობით“ და „ზოგადევროპული“ იდეალებისადმი ბრმა მორჩილებით საკუთარი სკამის გახანგრძლივებას საქართველოს მომავალი გადააყოლოს!
მიუხედავად ღია პროტესტისა და მოჩვენებითი კომპრომისებისა, საზოგადოებას ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი კითხვებზე: რატომ იყო საჩქარო აღნიშნული კანონპროექტის ასე გამალებით წარდგენა პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ და რატომ გაჩნდა მართლმადიდებელი მრევლისთვის მიუღებელი ტერმინები ანტიდისკრიმინაციულ კანონში, თუ ამაზე კატეგორიული მოთხოვნა ევროგაერთიანებიდან არ ყოფილა? რატომ ეწევიან ქართველი კანონმდებლები „თვითშემოქმედებას“ საკუთარი ქვეყნის საზიანოდ?!
სააგენტო „ივერიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „სახალხო პარტიის“ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ აღნიშნა, რომ ვინც კანონპროექტი ასეთი ფორმით შეაგდო პარლამენტში (რასაც საზოგადოების და სასულიერო პირების ვნებათაღელვა მოჰყვა) და ეროვნული ტრადიციები არ გაითვალისწინა, სწორედ ის აკეთებს ანტიევროპულ საქმეს და საზოგადოებას ევროკავშირის, ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ განაწყობს.
არ ვიცი, რამდენად შეგნებულად არის ამ ჩანაფიქრში (კანონპროექტს ვგულისხმობ) ანტიდისკრიმინაციული განწყობის პროვოცირება ჩადებული, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებაც (ყოველშემთხვევაში, ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი) საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტებს რომ ატარებს, ცხადია!
შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ამ ნაბიჯით მოსინჯეს არა მარტო მართლმადიდებელი და ქართული ტრადიციებისადმი ერთგული მრევლის პოზიცია, არამედ, დედაეკლესიის მზაობაც - დადგება თუ არა იგი თავისი მოწოდების სიმაღლეზე და აქვს თუ არა მას სათანადო ძალა და ავტორიტეტი აიყოლიოს საზოგადოება.
მიუხედავად იმისა, რომ აქციაში (და კანონპროექტის განხილვაში) მონაწილე სასულიერო პირების მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, ფაქტი სახეზეა - ეკლესია თავისი მრევლის გვერდით დგას და იგი ქართველი ერისთვის საბედისწერო ნაბიჯენს არც გარე და არც შიდა ძალებს არ დააშვებინებს!
ამ ბობოქარმა დღეებმა დამარწმუნა, რომ ხმალი ქარქაშში არ ჩაიგება, ვიდრე ზურგში მახვილის ჩაცემის საშიშროება არსებობს.
ჯერჯერობით ისიც უცნობია, რა თამაშის მოწმე გახდა ქართული საზოგადოება - საქართველოს ხელისუფლება სათანადო დირექტივებს ასრულებს თუ თვითშემოქმედებას ეწევა, რომ შემდგომ უფრო სერიოზული, ჩვენი მენტალობისთვის და ტრადიციებისთვის მიუღებელი დავალებები შეასრულოს?!
მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ კახი კახიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ „ოცნებაც“ „ნაციონალების“ გზას დაადგა და ბოლოდროინდელი ნაბიჯებით მოწოდებულია, რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ცალკე საუბრის თემაა, რა შეეძლო და რა ვერ გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ, მაგრამ დირექტივების შესრულებაში „ნაციონალებს“ რომ არ ჩამორჩება, ფაქტია.
საქართველოს მხოლოდ მაშინ გამოვა სახიფათო რისკის ზონიდან, როცა ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა ერის ნებაზე იქნება დამოკიდებული და არა უცხო ქვეყნების მფარველობაზე და მათ მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ გაცემული დირექტივების უსიტყვოდ შესრულებაზე.
საქართველო მხოლოდ მაშინ გამოვა სახიფათო რისკის ზონიდან, როცა დედაეკლესია უკომპრომისო იქნება და ქრისტიანული ფასეულობების ხელყოფის შემთხვევაში საკუთარ სამწყსოს ჯვრითა და ანთებული სანთლებით ქართული იდენტობის დასაცავად წინ გაუძღვება. განსაცდელი მხოლოდ მაშინ გადაივლის, როცა ერისა და ბერის გაერთიანება მოხდება.
მართალია, გარკვეული პოზიტივი სახეზეა, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება - ყველამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ, როგორც ერი სამადლოდ გამოწვდილ გროშებზე არ დავხურდავდებით და ხელს არ მოვაწერთ თავსმოხვეულ უზნეობას, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ არავის არ ვერჩით, მათ შორის, არც სექსუალურ უმცირესობებს. მაგრამ, არც მათ პარპაშს და აღვირახსნილობის დემონსტრირებას მოვითმენთ. ჩვენ ვერ შევეგუებით ინცესტის და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში!
მართალია, მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი პირდაპირ არ აკანონებს ერთსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ იქ ჩამარხული ცალკეული მუხლები არის აშკარა წინაპირობა ამ სოდომ-გომორისეული ცოდვის დასაკანონებლად.
მიუხედავად გარკვეული კომპრომისებისა, შეიძლება ითქვას, გუშინ ლიბერასტული სულისკვეთებით გაჟღენთილმა ქართულმა პარლამენტმა გამარჯვება მოიპოვა. ამით კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ ისინი საკუთარი „პატრონების“ და „ზოგადევროპული“ პრინციპების ერთგულნი არიან და მომავალშიც გააგრძელებენ დირექტივების შესრულებას.
შეიძლება ითქვას, ქართველმა კანონმდებლებმა ამით სილა გააწნეს საზოგადოებას და საკუთარი ძალების დემონსტრირებაც მოახდინეს. თუმცა, ბრძოლა არ დამთავრებულა - პირიქით ახლა იწყება.
ემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!
P.S. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით კენჭისყრაზე დააყენებს. ამის პარალელურად, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომ დედაეკლესია კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნული კანონის ასეთი ფორმით მიღებას. არ არის გამორიცხული, სიტუაცია დაიძაბოს და ხალხი მართლაც გამოვიდეს ქუჩაში, რასაც შეიძლება გართულებები მოჰყვეს. თუმცა, დღევანდელი პარლამენტი საზოგადოებას სხვა არჩევანს არ უტოვებს.
ზაურ ნაჭყებია