საქართველოში 311 მოქმედი მეჩეთია, თურქეთის ტერიტორიაზე არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.
პატრიარქი დღეს შეხვედრებს ანკარაში მართავდა, სადაც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეჰმეტ გორდეზიმ მიიწვია. ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიურ-კულტურული ძეგლების რესტავრაცია-მშენებლობის საკითხები.
თურქეთის მხარემ აჭარაში აზიზიეს და ახალციხეში აჰმედის მეჩეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული ტაძრების - იშხნისა და ოშკის რესტავრაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში მოცულობითი მეჩეთის აგებაც არის განსაზღვრული.
თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ მუსლიმან მოსახლეობას საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის ყველა პირობა აქვს, რის მაგალითადაც საქართველოში მოქმედი 311 მოქმედი მეჩეთი დაასახელა. ილია მეორის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა თურქეთის ტერიტორიაზე არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის. უწმინდესმა ოშკისა და იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების და მეცნიერების ჩართვა მოითხოვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნულ შეხვედრას ისტორიული უწოდა. როგორც ილია მეორემ განაცხადა, შეიქმნება კომისია, რომელიც როგორც იშხნისა და ოშკის, ასევე სხვა საკითხებს განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთის დელეგაცია საქართველოში მოიწვია.