აფხაზეთი მუდამ მემახსოვრება
(როგორ დაეცა გაგრა)
ომი, რომელმაც იარები დიდი დროის გასვლის მიუხედავად არ მოგვიშუშა! ომი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ომი, რომლის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე დევნილია. აფხაზეთის ომი! მოუშუშებელი ტრაგედია და მუდმივი იმედი -
ჩვენ დავბრუნდებით!
მე, აფხაზეთის ომის მონაწილე ოფიცერი, მაიზერ გელოვანი, რომელიც ვიბრძოდი გაგრაში, სოხუმსა და ლაბრაში ვაგრძელებ თხრობას იმის შესახე, რა ხდებოდა იმ დროს, რაც უნდა გაიგოს ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალმა თაობამ.
-"აფხაზეთის ომი რომ დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაური ვიყავი, ჩვენ სამაჩობლოში, სამშვიდობო ძალებში ვიდექით. ომი ამ დროს დაიწყო აფხაზეთში, სამშვიდობო ძალების ორთვიან ხელშეკრულებას მოვრჩით ამ დროს. ჩამოგვიყვანეს თბილისში, მეთაური იყო პოლკოვნიკი თამაზ მეფარიშვილი, ის იყო ნამდვილი მეთაური, უძლიერესი პიროვნება და კარგი ლიდერი. კაცი, რომელიც ბატალიონის ყველა წევსრ უყვარდა და პატივს სცემდა.
იმ დროს ჯერ კიდევ სამაჩაბლოში ვიდექით შერეული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, როცა 1992 წლის 13 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. ჩვენი დისლოკაციის ადგილი იყო საარტილერიო სასწავლებლის ტერიტორია, შემდეგ სამხედრო აკადემია ჩამოყალიბდა აქ. ბატალიონში ძირითადად ვიყავით ის ბიჭები, ვინც თბილისის ომში ვმონაწილეობდით კანონიერი ხელისუფლების მხარეს. აქაც ერთად შევიკრიბეთ და წავედით აფხაზეთში. აეროპორტიდან გაგვაცილეს ძმებმა თორნიკე და თემურ ფიფიებმა, თორნიკე ჩემი ძმადნაფიცი იყო ეროვნული მოძრაობიდან, იმ დროს პარლამენტის წევრი იყო, მისი ძმა კი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ამ დროს, დღეს არც ერთი არაა ცოცხალი. ჩვენ თბილისიდან 11 სექტემბერს წავედით, ძალიან ცხელოდა. აეროპორტში რამდენიმე საათი ველოდით როდის გვეტყოდნენ რომ რეისი მზად იყო. არადა, ამ დროს ყოველ ნახევარ საათში მიფრინავდა თვითმფრინავი დუბაის და სხვადასხვა მიმართულებით და დამსვენებლები გადაყავდა. საღამომდე მოგვიწია ლოდინი ვიდრე თვითმფრინავს გამოყოფდნენ.
ჩვენი ბატალიონიდან 150 კაცი წავედით. ჩვენთან ერთად წამოვიდა სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. ისიც უნდა აღვნიშნო რომ ჩემთან ერთად იყო ჯემალ გაბლუდანი,სამხედრო პოლიციაში მსახურობდა, ჩვენ ერთად ვმსახურობდით ჯარში, აფხაზეთშიც ერთად მოგვიწია წასვლა, ჯემალი ვერ ჩამოვიდა, შეეწირა. ჩავედით სოხუმში საღამოს, ის ღამე ბაბუშერას აეროპორტში გავათენეთ. მეორე დღეს გაგვიყვანეს პოზიციებზე, ბოტანიკურ ბაღში ავედით ჯერ, მერე ჩამოგვიყვანეს ისევ აეროპორტში, ადგილი ვერ იპოვეს ჩვენი ბატალიონი რომ ჩამდგარიყო სადმე, ერთი სიტყვით ქაოსი იყო. სამი დღე დაგვატარებდნენ ზემოთ ქვემოთ, სამი დღის შემდეგ მოვიდა ბრძანება რომ გაგრაში იყო დაძაბული სიტუაცია და დახმარება ჭირდებოდათ. სამი ვერტმფრენი მოვიდა, ჩაგვსხეს და გადავფრინდით. ვიდრე გაგრაში გადაგვიყვანდნენ, მანამ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. ანუ რა მოხდა: ჩავსხედით ოცეულების მიხედვით ვერტმფრენებში და ამ დროს გვეუბნებიან, არ აფრინდეთო. კაი ხანი ველოდით აფრენას. ვიკითხეთ რა ხდებოდა, გვიპასუხეს გუდაუთის რუსულუ ბაზიდან მოვიდა მუქარა თუ აფრინდება ვერტალიოტი ჩამოგიგდებთო. რისკის ამბავი იყო, ან უნდა წავსულიყავით ან არა. რათქმა უნდა წავედით. პირველი ჩვენ გავფრინდით, იმ ვარიანტით რომ თუ ჩვენ გაგრაში ჩავფრინდებოდით მშვიდობიანად, სხვები შემდეგ წამოვიდოდნენ. ჩვენს ვერტმფრენს მართავდა ცხონებული ჯიმი მაისურაძე, პროფესიონალი მფრინავი, გმირი, ნამდვილი ვაჟკაცი. ისე გაგვიყვანა ზღვით, ისე ჩაგვაფრინა გაგრაში რუსებმა ვერ მოგვიხელთეს. ჩვენ მშვიდობით ჩავფრინდით გაგრაში, დავეშვით სტადიონზე, რომელიც აეროპორტის ფუნქციას ასრულებდა. ჩვენ დავეშვით თუ არა გადმოსცეს ეს ამბავი სოხუმს და სხვა დანაყოფებიც წამოვიდნენ. ჩვენ რომ ჩავფრინდით გაგრაში, ზუსტად იმ დღეს ჩაცხრილეს ჩვენი დაზვერვის ბიჭები ტყეში. არ ვიცი... კიდევ ერთი ნიუანსია... დაზვერვაში მიდიოდნენ წითელი დიდი ავტობუსით, იკარუსის ავტობუსი თუ გახსოვთ აი იმით. გზაზე ჩაუსაფრდა მტერი და ჩაცხრილეს.
აი, ამას მინდა გავუსვა ხაზი. იმ დროს ნაკლები პროფესიონალიზმი იყო, მაგრამ პატრიოტული სულისკვეთება იყო მაღალი. ბევრმა არ იცოდა სამხედრო საქმე, მაგრამ გულით მიდიოდნენ ბრძოლაში, თავდადება იყო და თავგანწირვა.
ისინი ხელმძღვანელობის ბრძანებით წავიდნენ მაგრამ შეცდომა იყი ეს ბრძანება. ავტობუსით შუა გზაზე წასვლა როგორ შეიძლებოდა? შუადღით თან? ვინ ვერ დაინახავდა? მაშინ ბევრი დაიხოცა და დაიჭრა, ავტობუსს ჯერ ყუმბარმტყორცნი ესროლეს შემდეგ ჩაცხრილეს ავტომატებით. რამოდენიმე ადამიანი გადარჩა. ჩვენ რომ ვერტმფრენით ჩავფრინდით იმ ვერტმფრენით ჩამოიყვანეს სოხუმში დაჭრილები და დახოცილები.
(გაგრძელება იქნება)