დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლის ნინო სუთიძის განცხადებით, მისი მეუღლე დავით კოდუას მარტო დაესხა თავს და შეიარაღებული არ ყოფილა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო სუთიძემ განაცხადა, ნოშრევან ნამორაძის სასამართლო პროცესი ორშაბათს ან სამშაბათს გაიმართება.
" ჩემი მეუღლე შემთხვევით შეხვდა კოდუას და ცემა მარტომ. მე მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და აღიარა. ამბობენ მასკებითო, რაც ტყუილია. მასკებით ვინც მიდის საცემად, ის მილიციაში არ გამოცხადდება და არ აღიარებს დანაშაულს. არ ყოფილა შეიარაღებული თაგვდასხმა. არანაირი ელექტროშოკი, ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა, ელექტროშოკს ექსპერტიზა თავისუფლად ადგენს" – აღნიშნა ნინო სუთიძემ და დასძინა, რომ ნოშრევან ნამორაძის ინტერესებს ადვოკატი ლილიკო გელაშვილი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუას თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოდუას ცემის ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ., რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით", - ნათქვამია განცხადებაში.