სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას მართლმადიდებელ მრევლში იცნობენ, როგორც არაორდინალურად მოაზროვნე მოძღვარს. რომელიც საკუთარ პოზიციას სხვადასხვა პრობლემატურ საკაითხებზე სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებს. მან საინტერესო და განსხვავებული მოსაზრებები გამოხატა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებითაც.
"ივერიონი" გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
-მამაო, თქვენს ფეისბუქ-სტატუსში არაორდინალურ კითხვას სვამთ: ,,სად არის ზღვარი მართლმადიდებლობასა და ფსევდო- მართლმადიდებლობას შორის? იტყვი? - ეკლესიის მტერი ხარ, არ იტყვი? - გული სკდება და თავად არ იცი, ღმერთს თუ მამონას ემსახურები... შიში გამიჩნდა არა ღვთის, არამედ ადამიანების, ვინც ღმერთის სახელით ზნეობას, მორალს, ,,კანონებს" იცავს..." რას გულისხმობთ ამაში?
-მართლმადიდებლური სწავლება, რაც იყო პირველ საუკუნეში, იგივე იქნება ქვეყნის აღსასრულამდე, კონკრეტული ადამიანის დამოკიდებულებით ცოდვასთან არაფერი შეიცვლება. ეკლესია და მისი მოძღვრება თუ რამეს მიკრძალავს, მხოლოდ იმიტომ, რომ მანკიერი მხარეების დათრგუნვით მოიპოვება სულის ცხონება. ესეც კი ინდივიდუალურია. (გააჩნია მიდგომას, ვისთვის რა არის უმთავრესი). ღმერთს ყველა ადამიანის გადარჩენა სურს, მაგრამ ჩვენი პიროვნული ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ გვაქვს თავისუფალი ნება. თანხვედრის შემთხვევაში ვიტყვით- ,,ნებითა შენითა უფალო"... წინააღმდეგ შემთხვევაში კი-,, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ!"... ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგობა ქრისტიანულ მოძღვრებას. მაცხოვარს სულაც არ უნდოდა მისი მოწაფე იუდა გამყიდველი ყოფილიყო, მაგრამ ისკარიოტელმა აირჩია ეს გზა... ყველა ვერ იქნება რჩეული... ყველა ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. იესოზე გულმოწყალე კი ჩვენ ვერ ვიქნებით. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩემს სტატუსს, ვიტყვი, რომ აგრესიის ნებისმიერი ფორმის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ჩვენ მაგალითისთვის წინ გვიდევს შარშანდელი 17 მაისი... ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რომ ზედმეტი მოგვივიდა. არ დავიწყებ ცოდვასთან ბრძოლის თეოლოგიურ ახსნას, რაც ისედაც ყველამ ვიცით. ორივე მხრიდან ზედმეტი ცინიზმი, ნიჰილიზმი, აგრესია, ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ცოდვის დემონსტრირება, უზნეობის დაკანონება დასაგმობია. დავინახოთ, რომ პრობლემა არსებობს და გამოსავალსაც უფრო მოვნახავთ. გზასაცდენილს ღმერთის სახელით დაშინებას რომ დაუწყებ, რეაქცია უარესი ექნება. შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდვა, არამედ ავადმყოფობაცაა. დიდი მონდომების შედეგად ის განიკურნება. დაცინვით და აგრესიით უარეს შედეგს მივიღებთ. მავანმა გაიგო ისე, თითქოს ცოდვას ვამართლებდე. ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედია ისაა, რომ ყველა ადამიანში მოწინააღმდეგეს ვხედავთ... რამდენი მოსულა ამ ცოდვით დაცემული, მაგრამ ისე უნანიათ, რომ სწორ გზაზე შემდგარან და წარსულისკენ გახედვაც კი შემზარავად ეჩვენებათ. ამაში კი ჩვენ-ეკლესიამ უდიდესი როლი უნდა შევასრულოთ. სიყვარული ყველა ენაზე აღმატებულია, რასაც მართლა შეუძლია სასწაულის მოხდენა. ყველა სნეული ისე უნდა მივიღოთ, როგორც ამას უფალი იესო ქრისტე მიიღებდა. მესმის, რომ ჭაობში მყოფი ადამიანი, თავის მდგომარეობას სათანადოდ ვერ აფასებს. ჯერ დავანახოთ ჭაობი და მერე ამოვიყვანოთ იქიდან... რადგან ერთი ადამიანის სული უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი სამყარო, ერთად აღებული...
-სხვათა შორის, თქვენ მართლმადიდებელი მრევლი არაორდინალურ სასულიერო პირად გიცნობთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ?
-რაც შეეხება არაორდინალობას - მეღიმება. არაფერი მაიძულებს ვიქადაგო ის, რასაც არ ვეთანხმები. ქრისტე ჩემთვის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, რომელმაც ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გამცა. ოღონდ, ამ პასუხებიდან შეიძლება, ბევრი ,,გაუგებარი" იყოს, მაგრამ უფალი იმდენად მიყვარს, მასთან სიახლოვის გამო, ნებით თუ უნებლიეთ, იტყვი იმ ,,ღირებულებებზე" უარს, რაც მასთან გაშორებს. ყველა შემოქმედი ადამიანი განსხვავებულია და მათ სწორედ ეს განსხვავებულობა აკავშირებთ ... არ მიყვარს ზედაპირული ცოდნა სხვადასხვა საკითხზე- ყოველთვის გულით და გონებით ვეძებ და ვპოულობ კიდეც... წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,უფალი ჩემი სამშობლოა!"... იგივე განცდა მქონია მეც და, თუნდაც წამიერად, მიგვრძვნია უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი... სინანული ინდივიდუალურია. ის გარედან არ ჩანს, მაგრამ იგრძნობ... ვცდილობ, ყოველთვის ღმერთი ვადიდო. ვცდილობ მიყვარდეს ადამიანები, მარადიული ღირებულებები, ცხოვრების წესით ვადიდო უფალი და არასდროს ვიყო ფარისეველი. იქნებ სწორედ ეს არის გაუგებარი და რაც გაუგებარია ჩემში, პოეტის ,,ბრალია!"...
- თქვენი შეხედულებები არ თავსდება ხოლმე სასულიერო დოგმატურ ჩარჩოებში, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რისი თქმა გსურთ, როცა ამობთ, გული სკდებაო? რამდენად იქნება ეს პოზიცია მისაღები თავად ეკლესიისთვის?
- სხვის თვალში მუდმივად ბეწვის ძიება, არ არის გამოსავალი. ადამიანის უმთავრესი მტერი საკუთარი თავია. დედამიწაზე არავის შეუძლია იმდენი დამიშავოს, რასაც საკუთარი თავი დამიშავებს. არის საკითხები და მიდგომები, რაც არ მომწონს და მართლა მტკივნეულია. ყოველთვის ვცდილობ , საკუთარი პოზიცია მარტივად და მკაფიოდ დავაფიქსირო. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ აზრის გამოთქმის უფლება ადამიანური ღირებულებაა. უთქმელობით და შეზღუდვებით, პრობლემა არასდროს მოგვარებულა. ყოველთვის უნდა თქვა იქ, სადაც ჯერ არს და თუ არ მოგისმენენ, ან გირჩევენ გაჩუმდე, ასეთი დუმილი არა მხოლოდ ერთ ადამიანს ,,მოკლავს," სხვებსაც ბუმერანგივით უბრუნდება... ადამიანური ურთიერთობები და თანადგომა განივთებული ქრისტიანობაა...
-თქვენი ფეისბუქ-სტატუსიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით. არადა, სასულიერო პირებმა მკაცრი რეაქცია გამოხატეს ამის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რაში გამოიხატება თქვენს შორის განსხვავება?
-ისინი ამ მკაცრ პოზიციაში ძალიან გულწრფელნი იყვნენ. ისინი ქრისტიანული ზნეობის, მორალისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისას ყოველთვის მოწინავე რიგებში დგანან და არ მაქვს უფლება არ ვიყო იქ, სადაც ქრისტეს სახელს წმინდად იცავენ. უბრალოდ, ერთს ვიტყვი: ,,ყველაზე დიდი პატრიოტიზმი პროფესიონალიზმია"... უპირველესად, მე მინდა გამოვსწორდე და ჩემს გარშემო სხვებიც გამოსწორდებიან...
-ამ კანონის ამოქმედებით უფრო ფართო მასშტაბები მიეცემა თუ არა ცოდვის დემონსტრირებას? და, თუ საქმე გართულდება, რა პოზიციას დაიჭერთ, როგორც მოძღვარი?
- წინასწარი პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველა მოსალოდნელი საფრთხის შემდეგ, ჩემს ექვს შვილთან ერთად დავდგები იქ, სადაც ქრისტე მომიწოდებს, რადგან იესო ჩემთვის ყველაფერია. აქვე იმასაც დავძენ, რომ ყოველგვარ ეროვნულობაზე აღმატებული, სახარებისეული ფასეულობებია... შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ ქართველი კაცი ან ქალი არასწორი ორიენტაციის იყოს. ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ცოდვასთან ერთად ეს ავადმყოფიბაცაა, მაშინ ვაღიაროთ ისიც, რომ ამერიკელის ან ევროპელის გარდა, შეიძლება ქართველიც დაავადდეს...
- არაერთგვაროვნად შეფასდა თქვენი მრევლის მხრიდან თქვენეული გადაწყვეტა აღსარების ფეისბუქით ჩაბარების შესახებ. ამ გზით რეფორმა ხომ არ შემოგაქვთ საეკლესიო დოგმატიკაში და ,საერთოდ, რა აზრის ხართ საეკლესიო რეფორმაზე?
-,,აღსარება facebook-ით" ჩემი დაუმთავრებელი რომანის სახელწოდებაა, რასაც საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ საიდუმლოებასთან... სოციალური ქსელით მოკითხვის წერილების კითხვა მეზარება, აღსარების კი არა...ესეც ისე მიიღეს და გაიგეს, როგორც უნდოდათ... სიმართლე გითხრათ, არ მტკენია. ერი ხომ სკანდალებზეა ორიენტირებული...
-თქვენ წერთ ლექსებს. ხომ არ გბოჭავთ მოძღვრობა პოეზიისთვის აღმაფრენის მისაცემად?
- მოძღვრობა ყველაზე დიდი პოეზიაა!
ესაუბრა
ია ჯღარკავა