"სახალხო პარტია" მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეგობრულ ვიზიტს საქართველოში და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ივერიონი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
-"მივესალმებით ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბ-ნი ილჰამ ალიევის მეგობრულ ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მისი ეს ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას, მაგრამ, აქვე გვინდა დავაყენოთ ერთი მეტად საჭირბოროტო საკითხი და მივმართოთ მას განცხადებით:
ბ-ნო პრეზიდენტო! მოგეხსენებათ, რომ ჰერეთში (საინგილოში) მცხოვრები ქართველების მიმართ ადგილობრივი აზერბაიჯანული ხელისუფლების მხრიდან კვლავ გრძელდება შევიწროების პოლიტიკა და მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. სამწუხაროდ ამ ქმედებებს წლების განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოჰყვება აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია და მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის იძულებას, რათა მათ მიატოვონ თავიანთი ისტორიული საცხოვრისი – ჰერეთის (საინგილოს) ტერიტორია.
2014 წლის 14 აპრილს აზერბაიჯანელმა კრიმინალებმა დანით გამოჭრეს ყელი ქართველ ძმებს და, ამ ფაქტზე აზერბაიჯანელი სამართალდამცველების მხრიდან არათუ რეაგირება, არამედ, გამოძიებაც კი არ დაწყებულა. გარდაცვლილთა ოჯახი და ნათესავები დღემდე ამაოდ ითხოვენ დამნაშავათა დაკავებასა და დასჯას.
ჰერეთის ქართველები არა მარტო კრიმინალებთან დაკავშირებით არიან გაუსაძლის მდგომარეობაში, არამედ, აზერბაიჯანის ხელისუფლებაც არ აძლევს მათ უფლებას, დაარეგისტრირონ კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება; ზღუდავს ადგილზე წარმოებისა და სამეურნეო საქმიანობის განვითარებას; არ აძლევს უფლებას ქართველებს, დაიკავონ რაიმე სახის თანამდებობა და ა.შ.
ბ-ნო პრეზიდენტო! გთხოვთ, გაამახვილოთ თქვენი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, გამოიჩინოთ სახელმწოფოებრივი ნება და გადადგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება, რაც აგვაცილებს ურთიერთობების დაძაბვას, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ანალოგიური პრობლემები არასდროს არ დამდგარა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის წინაშე და დარწმუნებულები ვართ, რომ არც მომავალში დადგება"-ნათქვამია განცხადებაში.