პარლამენტართა მტკიცებას, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში საპატრიარქოსა და საზოგადოების თხოვნა გაითვალისწინეს და მართლმადიდებელი ქვეყნისთვის მისაღები კანონი დაამტკიცეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ცივი წყალი გადაასხა.
დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე წმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, უწმინდესმა მისთვის ჩვეული დიპლომატიით აღნიშნა, რომ „სინამდვილეში უკანონობის დაკანონება მოხდა და მალე ყველას გაგვიკვირდება, თუ როგო იქნა მიღებული ეს კანონი“.
პატრიარქი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა, თუმცა, არანაკლები ცოდვაა მისი შესრულებაც.
თუ მისი უწმინდესობის პათოსს გავიზიარებთ, “არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას“, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელმა კანონმდებლებმა მართლმადიდებელი მრევლი ნებსით, თუ უნებლიეთ კანონთან წინააღმდეგობაში მოაქციეს...
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებას საქართველოში, რადგან, თუ „არც ერთი მორწმუნე ადამიანი ამას არ მიიღებს“, ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მართლმადიდებელი მრევლი ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რჩებიან და ღმერთმა იცის, რით დამთავრდება ეს დაპირისპირება!
ნათქვამია, კამეჩის მორკინალ ხარს რქები არ შერჩებაო. თუ ამ სიტყვების პერიფრაზს გავაკეთებთ, ეკლესიასთან დაპირისპირება და მისი სულიერი საჭეთმპყრობლის არშესმენა უფლის ურჩობას, უფალთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც თავნება პარლამენტარებს ძვირად დაუჯდებათ! თუმცა, არანაკლებ ძვირად დაუჯდება ეს საქართველოსაც!
მართალია, მოწყალეა უფალი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს საკუთარი ცოდვების გამო სინანულის გრძნობა უჩნდება.
ჩვენს პარლამენტარებს კი, რომლებმაც „საგმირო“ საქმე ჩაიდინეს და უკანონობა დააკანონეს, ჯერჯერობით სინანულის ნიშანწყალი არ ეტყობათ... პირიქით, თავხედურად ამტკიცებენ, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია ევროპის „ძმურ ოჯახში“ საქართველოს გასაწევრიანებლად...
ზოგიერთები ხმამაღლა საუბრობენ სასულიერო პირების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებაზე - ისინი თვლიან, რომ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა ეკლესიის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. თუმცა, ავიწყდებათ, რომ ერი და ბერი განუყოფელია და ეკლესია ერის ტკივილსა და სიხარულს თანაბრად იზიარებს. მეტიც, ყოველთვის საკუთარი სამწყსოს სადარაჯოზე დგას.
ერთ რამეში ევთანხმები ეკლესიის ოპონენტებს - ცოდვას აგრესიით ვერ შევებრძოლებით, ავადმყოფებს მკურნალობა უფრო სჭირდებათ, ვიდრე, ანათემაზე გადაცემა და შეჩვენება, მაგრამ დედაეკლესია ვერც სიბილწის პროპაგანდას და აღზევებას დაუშვებს.
უწმინდესის თქმისა არ იყოს, გვაპატიოს უფალმა ჩვენი ცოდვები და ცოდვილნიც სინანულისკენ მოაქციოს!
ანდრია ლისაშვილი