"ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების არანაირი აუცილებლობა არ იყო!"-ასე გამოეხმაურა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე.
"საქართველოში არანაირი აუცილებლობა ამ კანონის მიღებისა არ იყო, იმის გამო, რომ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს უამრავი სხვა კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაცია არის აკრძალული. ასე რომ ამ კანონის ირგვლივ მსჯელობა, ზოგადად ის, რაც ხდება საქართველოში, არის ხელოვნურად ინსპირირებული პროცესი. თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ რაიმე ნიშნით, მით უფრო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ირღვეოდეს ადამიანის უფლებები.
რა თქმა უნდა, ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის უმრავლესობის უფლებებიც, რაც შეეხება პროპაგანდას იმისას, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ამ პროპაგანდის უფლებას ნამდვილად არავის უნდა აძლევდეს ხალხი და ქვეყანა. ჯობია, ხელისუფლებამ საქმეს მიხედოს, დასაჯოს ის ვინც დასასჯელია, და ადამიანებს შეუსრულოს ის დანაპირებები, რა დანაპირებებიც მან მოსახლეობას მისცა."