ივერიონი / "ჩვენ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია, გვაწამებენ და მეტი არაფერი"

"ჩვენ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია, გვაწამებენ და მეტი არაფერი"

   ქუთაისში, გამსახურდიას 85 ა. ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ,მათი თქმით, შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ  მთლიანად წყალში დგას , რომელსაც თან ერთვის ფეკალური მასებიც, გარდა ამისა შენობას სახურავი საერთოდ არ აქვს .

   ციალა კვარაცხელია (მობინადრე):-"საშინელ მდგომარეობაში ვართ, არავინ გვაქცევს ყურადღებას, რომ იტყვიან კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, შენობა 4 სართულიანია, შენობის პირველი სართული კი საერთოდ წყალს უკავია, ბაყაყების ბუდედ გადაიქცა, სარდაფები საერთოდ დატბორილია, ბინას არ აქვს ჭერი. შენობაში ისევე წვიმს როგორც გარეთ, ბევრჯერ ვითხოვეთ დახმარება, თუმცა არავინ დაგვხმარებია, გვპირდებიან გადაყვანას დღეს, ხვალ, ზეგ, მაგრამ დღეები, კვირები, თვები და წლებიც გადის დაპირებაში. გვიწევს ანტისანიტარიაში ცხოვრება, შენობა სავსეა ვირთხებით, ბაყაყებით, ხვლიკებით . რამოდენიმე კვირის წინ 4 წლის მძინარე ბავშვს ხვლიკმა ხელზე გადაურბინა.

   ჩვენ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია, საიდან წამოვედით და სად ვცხოვრობთ, გვაწამებენ და მეტი არაფერი. ჩვენი სახსრებით არაფერი შეგვიძლია, შენობაში არის რამდენიმე ბენეფიციარი, რომელიც ვერ დადის, ვერ დგება და დახმარება სჭირდება, აქ კი არაფერი გვაქვს, არ არის წყალი, გაზი, დენიც ძალიან ხშირად ითიშება .

საშინელ დღეში ვართ, შენობა იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია, გაყვანილობებიც არ არის. კანალიზაციის მილებზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი, სარდაფები სავსეა ფეკალური მასებით, ზაფხულში ვერ ვჩერდებით საშინელი მდგომარეობაა .

   8 ოქტომბერს მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი იყო მოსული,დაგვპირდა გადაყვანას, მაგრამ როგორც ხედავთ ისევ აქ ვართ. შენობაში 16 ოჯახი ვცხოვრობთ, რამდენიმემ მდგომარეობების გამო სანათესაოს შეაფარა თავი. გვყავს ბავშვები, სტუდენტები, პატარების აქ კი ცხოვრება არანაირად არ შეიძლება. ცენტრალური არხის ტელევიზიებითაც ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება , "იმედს" რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ "იმედის" ჟურნალისტი ჩვენამდე ვერ მოვიყვანე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი, არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემები , ჩვენ კი ვერავის ვაწვდენთ ხმას, ვისაც მივაწვდინეთ გვატყუებენ- დღეს, ხვალ, ზეგ და ასე გადის  წლები".

   "ივერიონი" მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით და რეაგირება მოახდინონ ამ სახლის მობინადრეების მოთხოვნაზე. ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ჩავიდნენ და ადგილზე გააშუქონ ამ ადამიანების ყოფა, რათა ერთობლივად მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომელთაც მათი დახმარება ევალებათ.

დათო ცხვარაძე

 

7-05-2014, 02:06
უკან დაბრუნება