ივერიონი / "ამოვიდა ყელში, ან დააყენონ ეს სამართლიანობის აღდგენა, ან ქუდი დაიხურონ და წავიდნენ"

"ამოვიდა ყელში, ან დააყენონ ეს სამართლიანობის აღდგენა, ან ქუდი დაიხურონ და წავიდნენ"

  გარდაცვილი ზურა ვაზაგაშვილის მამის იური ვაზაგაშვილის განცხადებით, 5 მაისს მისი ოჯახის წევრები ლანჩხუთში დაკრძალვაზე მიდიოდნენ, როცა ქუთაისში საპატრულო მანქანამ მისი შვილი გააჩერა და ადგილზე შემოწმების შემდეგ საპატრულო მანქანით გადაიყვანეს, მცირეწლოვანი ბავშვები კი ბებიასთან ერთად გზაზე დატოვეს. ვაზაგაშვილის თქმით, მისი შვილი ნარკოტიკებზეც კი შეამოწმეს და რომ არაფერი აღმოაჩნდა, პატრულმა ვინმე პაატას დაურეკა, რა ვქნათ, არაფერი არ აქვს, სუფთააო და მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მიერ გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვიდან 2 საათის შემდეგ დააბრუნეს ოჯახთან. როგორც საპატრულო ეკიპაჟმა ვაზაგაშვილის მეუღლეს განუცხადა, დაკავება სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა, თუმცა ისმის კითხვა-რატომ ადგილზე არ გამოუწერეს ჯარიმა და ვინ არის პაატა, ან რატომ დაურეკა მას პოლიციელმა.

  -"ჩემი შვილიშვილი დღესაც სტრესულ მდგომარეობაშია, როცა იხილა როგორი ჭიდაობით ჩასვეს  ჩემი შვილი მანქანაში. 2 საათის განმავლობაში წყლის გარეშე, შეწუხებულები იყვნენ მინდორში ჩემი ოჯახის წევრები. ეს არის სადიზმი. როცა ადამიანს უჭირს ქუჩაში, პატრული უნდა დაეხმაროს, აქ კი პირიქით მოხდა. არც ისაა პრობლემა, რომ ნარკოლოგიურში წაიყვანეს, მაგრამ რაში სჭირდებოდათ ვინმე პაატასთან დარეკვა, რომ არაფერი ჰქონდა და სუფთა იყო ჩემი შვილი? მანქანის ნომერი არის SST- 836, ეკიპაჟის წევრი იყო ბიბილური, ეჭვი გვაქვს ეს არ იყო საპატრულო პოლიცია და იყო კრიმინალისტიკური სამსახური"-აცხადებს ვაზაგაშვილი.

ის მომხდარს შს სამინისტროსთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს და ამბობს, რომ მისი შვილის უკანონოდ გაჩერებისა და ნარკოლოგიურში გადაყვანისთვის შს სამინისტროს გენინსპექციაში საჩივარის შეტანას გეგმავს.

   -"არაერთხელ ვთქვი, რომ ამ უწყებაში დამნაშავეებს აწინაურებენ. მოსალოდნელია იგივე განმეორდეს, როცა ქუჩაში გვიხვრეტდნენ შვილებს. პატრული და პოლიცია როცა გასაჭირში მყოფ მოქალაქეს ხედავს, უნდა დაეხმაროს. მათ კი რა გააკეთეს?!"

   ვაზაგაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის დაგვიანების გამო ხდება. 

  -"როგორ შეიძლება, ამდენი ბიჭი დახოცეს ქუჩაში და დამნაშავე გარეთ დადის. მაინტერესებს საერთოდ თუ არსებობს მთავარი პროკურორი ქვეყანაში. მგონი, ეს სახელი და გვარი გამოგონილია. პროკურატურას ჩვენისთანა ხალხის არსებობა აღარ უნდა. ამბობენ, 2 წელიწადში კარგად ვიქნებითო, როგორ ვიქნებით კარგად, როცა სამართლიანობის აღდგენა დაწყებულიც არ არის. ვიღაცას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არ უნდა და  ჩაფიქრებული აქვს გააკეთოს იმაზე უარესი, რაც  მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, ვინც შავებში ჩაცმული ქალი და პატარა ბავშვები ქუჩაში დატოვა. გვაკმარეთ ჩვენი უბედურება შვილმკვდარ მშობლებს. ეს ნაძირლები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან, უნდა დაისაჯონ. ხომ ნახეთ რა უქნეს წიკლაურს, კოდუას. ეს კიდევ არაფერია. ამოვიდა მართლა ყელში, ან დააყენონ ეს სამართლიანობის აღდგენა, ან ქუდი დაიხურონ და წავიდნენ".

 

7-05-2014, 15:13
უკან დაბრუნება