საქართველოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე ,,ივერიონს“ ,,საქართველოს გზის“ პოლიტიკური მდივანი გოგა სიმონიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
ბატონო გოგა, თქვენი პარტია, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი და შეიცვლება თუ არა პოლიტიკური ბალანსი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მაინც?
რა თქმა უნდა, ჩვენ ოფიციალერად ვმონაწილეობთ ამ არჩევნებში და ვსაუბრობთ კიდეც მერობის კანდიდატად წარსადგენ ორ პიროვნებასთან, რომლის შესახებაც მალე განვაცხადებთ. რაც შეეხება პოლიტიკური ბალანსის შეცვლას - ძნელია იმის თქმა, რა მოხდება. ქვეყანაში სიტუაცია მეტად დაძაბულია. ჯერ ის უნდა ვიკითხოთ, მივალთ თუ არა არჩევნებამდე მშვიდობიანად. ჩვენ არ ვართ რადიკალები, შეგვიძლია მოლაპარაკება, რაც ყველასთან თანამშრომლობაში დაგვეხმარება.
როგორც იცით, ცესკოს დღემდე არ დაუზუსტებია საარჩევნო სიები და ეს არჩევნებიც ძველი სიით ჩატარდება?
ეს, სამწუხარო, დაუძლეველი პრობლემაა საქართველოში. საქართველოში 25 წელია საარჩევნო სია ვერ დავაზუსტეთ. ეს კი გაყალბების ,,უნიკალურ“ შანსს იძლევა.
როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ დაეცა თუ არა ,,ქართული ოცნების“ ავტორიტეტი?
ხალხი ნამდვილად ორჭოფობს, ვერ გადაუწყვეტია, ვინ აირჩიოს. ეს კი კოალიციის ძალების შესუსტებაზე მეტყველებს. ხალხს ეგონა , „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი ძალადობრივი მმართველობის შემდეგ, ეშველებოდა. ჩვენ ავუხსნით მათ, რომ ვუშველით!
რა შანსი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ნაციონალ მოძრაობას“?
ვფიქრობ, სასწაული უნდა მოხდეს, რომ მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცეს, თუმცა არასახარბიელო სიტუაცია ამის გარეშეც გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ახალმა მთავრობამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა!
რატომ ვერ გაერთიანდა არასაპარლამენტო ოპოზიცია თუნდაც თბილისის მერობის პოსტზე ერთიანი კანდიდატის წარსადგენად?
ყველას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა დაგვანახამ, რომ ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს გაერთიანება უჭირთ.
ცნობილია, რომ ,,საქართველოს გზა“ აქტიურად უჭერს მხარს საყდრისის აქციის ორგანიზატორებს. როგორ გამოხატავთ ამ მხარდაჭერას?
სამწუხაროდ, არ ვართ ხელისუფლებაში, რომ მათ ამ საკითხის გადაწყვეტაში დავეხმაროთ. თუმცა ხვალ, ორი დღით, კარვებით მივდივართ მათთან და ასე გამოვხატავთ მხარდაჭერას.
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ში“ გამოვლინდა ე.წ. ფარული მოსმენის ფაქტები. თქვენ ამას ამ ტელეკომპანიის წინასაარჩევნო პროვოკაციად მიჩნევთ?
შეიძლება ეს სიმართლეა! ეს ხდებოდა და მომავალშიც ასე მოხდება!
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რას იტყვით?
ამ კანონს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უნდა დაეჩქარებინა მხოლოდ, მაგრამ კანონმდებლებმა ის ,,სხვაგვარად“ გამოიყენეს. პირდაოურ გეტყვით, ამ კანონის მიღება იყო არა ,,ქართული ოცნების“ იდეა, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის“.
რას ელოდებით 17 მაისს?
რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, აქციები უკვე დაგეგმილია. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ 17 მაისს ცუდი ფაქტები შეიძლება მოხდეს.
ესაუბრა ია ჯღარკავა