NDI-ისკვლევებით, ირაკლი ალასანია ყველაზე პოპულარულ (რეიტინგულ) პოლიტიკოსად დასახელდა-რაც არ უნდა გვიკვირდეს, რეიტინგით მან ივანიშვილის ფავორიტს ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუსწრო.
არ ვიცი, რა კრიტერიუმებს იყენებს პოლიტიკოსის შესაფასებლად NDI-ისკანტორა, ან, რა ისეთი შარმი აღმოაჩნდა ალასანიას, რომ საზოგადოების განსაკუთრებული სიმპატიები დაიმსახურა?!
ღარიბაშვილის უკანა პლანზე გადაწევით და ალასანიას წინ წამოწევით კიდევ უფრო მყარდება მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხავერდოვანი გადატრიალება მზადდება და ირაკლი ღარიბაშვილს მალე წითელს აუნთებენ.
NDI-ისდა მისი მსგავსი ნაყიდ-გაყიდული კომპანიების დღეს უკვე არავის სჯერა, მაგრამ ნიშანდობლივია ის არის, რომ „კვლევებით“ დადგენილი რეიტინგი ალასანიას „უპირატესობას“ ადასტურებს!
დავიწყოთ იქიდან, თუ რით არის ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთესი - რა დამსახურების გამო უნდა მოიპოვოს მან პოპულარობა საზოგადოებაში, ან საერთოდ, რა არის დღევანდელი პოლიტიკოსების შეფასების კრიტერიუმები.
თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის მიღებაც არ არის საჭირო იმის დასადგენად, რომ საქართველოში „რაღაც“ ნამდვილად მზადდება და ეს „რაღაც“ სწორედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, ვწერდი, რომ მან თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა შეცდომით დაიწყო, როცა დაბალი რეიტინგის მქონე „რესპუბლიკელებს“ და ალასანიას გუნდს დაეყრდნო. ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანიშვილმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა და ამით პროამერიკული განწყობის იმიჯი შეიქმნა...
მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერმა საკუთარ სახელთან ასოცირებული პარტიაც დააფუძნა, „ქართული ოცნება“, მაინც ვერ ჩამოყალიბდა კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტად და კოალიციაში დომინანტის როლი ისევ „რესპუბლიკელებს“ და ალასანიას დარჩათ.
როგორც წესი, მსგავსი კოალიციები წინასაარჩევნოდ იქმნება ხოლმე და მიზნის მიღწევის (საკანონმდებლო ორგანოში შესვლის) შემდეგ ისევ იშლება, თუ რა თქმა უნდა, საერთო ღირსებულებების ერთიანობასთან არა გვაქვს საქმე.
1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომმა პროცესებმა დაადასტურა, რომ „ერთიანი გუნდი“ ერთიანი არ აღმოჩნდა - მიუხედავად მოჩვენებითი სიმშვიდისა, კულუარული დაპირისპირებები თავიდანვე ჩანდა და ამან უფრო მეტი დოზით ამ ბოლო ხანებში იჩინა თავი.
ის, რომ ალასანია საკუთარი სტატუსით უკმაყოფილო იყო, მისი მთავრობაში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე იგრძნობოდა. საზოგადოებას ახსოვს თავდაცვის მინისტრის და მოქმედი ვიცე-პრემიერის ახალგაზრდული აცეტება, რომელსაც ივანიშვილის მხრიდან დატუქსვა მოჰყვა, თუმცა ინციდენტი მსუბუქად ამოიწურა.
ალასანიას ავანტიურისტულ გეგმებზე განსაკუთრებით ივანიშვილის პოლიტიკიდან (ხელისუფლებიდან) წასვლის შემდეგ ალაპარაკდნენ - კულუარებიდან ჟონავდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი იყო ღარიბაშვილის იმპიჩმენტი, რაც ალასანიას მხარდამჭერი რამდენიმე მინისტრის გადადგომას უნდა მოჰყოლოდა. ამ ვერსიას კიდევ უფრო ამძაფრებდა ფარული დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რომელიც ძალაუფლების მიტაცების მცდელობით იყო განპირობებული.
თუ გავიხსენებთ არჩევნებამდე გავრცელებულ ცნობილ აუდიო ჩანაწერს, რომელიც ნათლად გამოხატავს ღარიბაშვილის დამოკიდებულებას თინა ხიდაშელის მიმართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერს არც პარლამენტის თავმჯდომარე უნდა წყალობდეს!
ერთი სიტყვით, ღარიბაშვილი ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული - ერთი მხრივ, საზოგადოება მისგან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, მეორეს მხრივ, „შეთქმულების თეორიის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იძულებულია საკუთარი თანაგუნდელების ბოროტი განზრახვა მოიგერიოს და თავი გადაირჩინოს!
თუ აგორებული ვერსია ახლოს დგას რეალობასთან, ალასანიას მართლაც აქვს შანსი მხარდამჭერები ჰყავდეს არა მარტო ღარიბაშვილთან დაპირისპირებული თანაგუნდელების სახით, არამედ, მას მყარი დასაყრდენი აქვს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ - ალასანია წმინდა ამერიკული პროექტია და ეტყობა, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ღარიბაშვილს მას ამჯობინებენ.
არ არის შემთხვევითი ალასანიას ახალი ინიციატივაც „ნატო“-ს თავდაცვის სისტემის საქართველოში განლაგების თაობაზე, რომელიც თურმე პრეზიდენტთან და უშიშროების საბჭოსთან არ იყო შეთანხმებული.ამით მან დამოუკიდებლად მოთამაშე პოლიტიკოსის იმიჯის შექმნა მოინდომა და საკუთარი ძალის დემონსტრირებაც მოახდინა!...
სიმპტომატურია ისიც, რომ კვლევების თანახმად, 25 პროცენტით დაეცა ივანიშვილის რეიტინგი, რაც იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებაში ყოფილი პრემიერის მიმართ ნეგატიურ მუხტს აღვივებენ.
თუ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს, ალასანიასთან შედარებით ღარიბაშვილი ყველა პარამეტრით უფრო პოზიტიური მოვლენაა და მისი იმპიჩმენტი დეზორგანიზაციას შეიტანს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, რაც არ უნდა დავუშვათ.
„კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“, ნათქვამისა არ იყოს, მოსახდენი უნდა მოხდეს, დაჭიმული სიმი უნდა გაწყდეს! იქნებ ამან მაინც გამოაფხიზლოს საზოგადოება და ახალი არჩევანი გააკეთებინოს!
ისე, მაინც არ მესმის, რითი სჯობს ალასანია ღარიბაშვილს?!
ზაურ ნაჭყებია