ივერიონი / ქალები უნდა გააქტიურდნენ!

ქალები უნდა გააქტიურდნენ!

   "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" და ქალთა ორგანიზაციები  ქვეყანის პოლიტიკაში ქალთა აქტიურ ჩართვას მოითხოვენ და  პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ  მხარი დაუჭირონ და უზრუნველჰყონ  ქალების გააქტიურება.

   როგორც "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, ელენე რუსეცკი აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაეხმარონ პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურ, სათანადოდ მომზადებულ და კომპეტენტურ ქალებთან დაკავშირებაში მთელი საქართველოს მასშტაბით და პარტიების წევრი ქალების გადამზადებაში სხვადასხვა მიმართულებით.

  -"ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, პარტიული სიების ცესკოში რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, გააძლიერონ მუშაობა პარტიულ სიებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით. ცესკოს მიერ მოწოდებული 8 მაისის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს თბილისის მერობის ოთხ კანდიდატს, რომელთაგან, მხოლოდ ერთია ქალი. გამგებლობის ორ კანდიდატს, რომელთაგან არცერთი არ არის ქალი, თვითმმართველი ქალაქების მერობის ორ კანდიდატს, რომელთაგანაც არცერთი არ არის ქალი. რეგისტრირებულ 21 კანდიდატს შორის, მხოლოდ სამია ქალი. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ რეგისტრირებული 1015 კანდიდატიდან, მხოლოდ 115 ქალია. არსებული მონაცემები უკვე შემაშფოთებელია, რადგან ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ახლად არჩეულ თვითმმართველობის ორგანოებში იმაზე ნაკლები ქალი იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ეს 2010 წელს იყო. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მოახდინონ არსებული რესურსის სრული რეალიზება, რათა უზრუნველყონ საქართველოს მოსახლეობის 52,3%-ის ინტერესების ადექვატური ასახვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში".

 

10-05-2014, 12:28
უკან დაბრუნება