ივერიონი / ლევან ჩაჩუა: ივანიშვილმა ურეიტინგო „რესპუბლიკელები“ გვერდზე დაიყენა და პროგრესულად მოაზროვნეები კი ოპონენტად აქცია!

ლევან ჩაჩუა: ივანიშვილმა ურეიტინგო „რესპუბლიკელები“ გვერდზე დაიყენა და პროგრესულად მოაზროვნეები კი ოპონენტად აქცია!

,,სად არის ოპოზიციური სპექტრი, ყველა თამაშობს!“ - ასე დაიწყო „ივერიონთან“საუბარი პარტია ,,ქართული იდეის“ თავმჯდომარემ და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან ჩაჩუამ

 

 

 

ბატონო ლევან, თქვენი პარტია ,,ქართული იდეა“, დამოუკიდებლად არ იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რამ შეგიშალათ ხელი და თქვენის აზრით, როგორ დასრულდება ეს არჩევნები?

მე შევიტანე სათანადო საბუთები პარტიის დასარეგისტრირებლად, მაგრამ მის განხილვას  სპეციალურად დაამთხვიეს  სააღდგომო დასვენებები და არ დამარეგისტრირეს. მქონდა საბაბი, სასამართლოში მეჩივლა  და მოვიგებდი კიდეც,  მაგრამ, ვიცოდი, ჩემს საქმეს იქ მომუშავე ოპერატორ გოგონებს გადააყოლებდნენ და მათი სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა- ცოდვად დამდებოდა. მე პრეზიდენტობის კანდიდატიც ვიყავი, მაგრამ არჩევნებისას ხმები გამიყალბეს. ჩვენ ვნახეთ ,,ნაციონალური მოძრაობის“  მომხრეებით გადაჭედილი დარბაზი სპორტის სასახლეში, რომელსაც  ხელისუფლების დახმარების გარეშე ვერ მოახერხებდნენ. კოჰაბიტაციამ,  წინა დამნაშავე ხელისუფლებასა და ახალ ხლისუფლებას შორის, ინტიმური პოლიტიკის ხასიათი მიიღო.  ამ არჩევნებზეც  I - II ადგილს ,,ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალები“ გაიყოფენ. 

საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ  ,,ქართული ოცნების“  რეიტინგმა იკლო.  ისარგებლებს თუ არა  ამით „ნაციონალური მოძრაობა“  და მოახერხებს თუ არა რეაბილიტაციას?

მათ იმდენად აქვთ სახელი შელახული, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ,,ოცნების“ სირცხვილი და უნიათობაა,  რომ ისინი კიდევ იკრიბებიან და ბრძოლის უნარს ინარჩუნებენ. ხალხმა იმიტომ დაუჯერა ,,ოცნებას“, რომ ეკლესიისა და საზოგადოების სიმტკიცეზე ორიენტირება გამოხატა,  თავიდანვე  რომ ეთქვა, გენდერულ იდენტობასა  და სექსუალურ ორიენტაციებს დავუჭერ მხარსო, გაჰყვებოდბენ?რა თქმა უნდა, არ გაყვებოდნენ!

თქვენი აზრით, შეიქმნება თუ არა მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც სხვა რეალობის წინაშე  დააყენებს საქართველოს?

ერთი შანსია, უნდა გადახალისდეს პოლიტიკური ველი და ისეთი სახეები მოვიდნენ, რომლებიც მხილებულნი არ არიან კორუფციასა და სხვა უზნეობაში. ამისთვის შეიქმნა ჩვენი პარტია, რათა მესამე ძალად ჩამოყალიბდეს. ბიძინამ  კი ურეიტინგო „ რესპუბლიკელები“ გვერდზე დაიყენა და პროგრესულად მოაზროვნეები ოპონენტად აქცია!.

თქვენ მხარს უჭერთ თბილისის  მერობის კანდიდატად  დიმიტრი ლორთქიფანიძეს, თუმცა, ნინო ბურჯანაძის ფაქტორმა შეიძლება უარყოფითად იმუშაოს მის მხარდაჭერაზე!..

რა ექნა დიმიტრისაც? მხოლოდ ბერძენიშვილსა  და  წულუკიანს თუ გაუჩნდებოდა თავში ის აზრი, რომ მერობის კანდიდატებისთვის ,,აკრძალვები“ დაეწესებინათ.  დიმიტრი ჩემი პარტიის დარეგისრტირებას ელოდა, რადგან ჩვენ ვფიქრობდით მის წარდგენას.

რატომ არ გაერთიანდა ოპოზიციური სპექტრი თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გარშემო და რა შანსი აქვს ოპოზიციას?

სად არის ოპოზიციური სპექტრი, ყველა თამაშობს!   ბევრი მეუბნება, კიდევ კარგი, მელიასა და ნარმანიას ლორთქიფანიძე დაუპირისპირეთო. ისე, ბურჯანაძეს უფრო სჭირდება ლორთქიფანიძე, ვიდრე პირიქით.

როგორ შეაფასებთ NDI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, დიმიტრი ლორთქიფანიძე სარეიტინგო სამეულშიც კი ვერ მოხვდა?

ეს იმის მიმანიშნებელია,

რომ ის სახალხო კანდიდატია. ამ ორგანიზაციას 9 წელი აკრიტიკებდა ბიძინა და დღეს როგორ ენდობა? აკაკი ბობოხიძემ სწორად შენიშნა, რა ძალიან მალე დაგვემსგავსნენო, რაზეც პასუხი ვერ გასცა უმრავლესობამ.

 ანტიდისკრიმინაციული კანონიც ხომ მხოლოდ იმ ორი ტერმინის -,,გენდერული იდენტობისა“ და სექსუალური ორიენტაციისთვის“ დაწერეს,  რომლის განხორციელებაც დაიწყეს ,,ნაციონალებმა“ და ,,ოცნებას“ დაასრულებინეს!

 

                                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა

 

                                                                           

10-05-2014, 14:42
უკან დაბრუნება