მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა უკვე საქართველოშია. დღეს დილით ბატალიონის ბოლო ნაკადი 150 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით ავღანეთიდან დაბრუნდა.
სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი, ალექსეევკას აეროპორტში დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება და მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.
31-ე ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია, აშშ-ის საზღვაო ქვეითების დაქვემდებარებაში, ჰელმანდის პროვინციაში 7 თვის განმავლობაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა და უსაფრთხოების ზონების კონტროლი იყო.
მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში როტაციის წესით მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
მომზადებულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.