"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მოძრაობის სახელით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა განცხადება.
-"უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ქვეყანაში არ არსებობს უკანონო მოსმენები. გუშინ კი ერთად ვიხილეთ მასშტაბური მოსმენებისა და თვალთვალის ერთ–ერთი მტკიცებულება. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მასშტაბურ ხასიათს ატარებს, რაც ხელყოფს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს – უსმენენ ყველას. თავდაცვის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, უშიშროების საბჭოს მდივნის საუბრების მოსმენა და თავისუფალ ცირკულაციაში მიმოქცევა ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გადაგვარებასა და მოშლასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს. ამიტომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან, თუ კი ასე თავისუფალ ცირკულაციაში არის ეს მასალები, სავსებით შესაძლებელია, რომ მას უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც ფლობდნენ".