ივერიონი / 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე იქნება

17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე იქნება

   17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე იქნება. 

   -"ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, დამოკიდებულებულია მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. თუკი ადამიანი ცდილობს დაინახოს საკუთარი თავი, თუ შეუძლია განიცადოს საკუთარი ცოდვები, ის ბედნიერია, ის გამოსწორდება. მას უფალი აძლევს მადლს და ცოდვებისგან განიწმინდება. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერიცვალება. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცალკე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და სასუფევლის ღირსი გავხდეთ. რამდენიმე წელია ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ და არაერთხელ გვითქვამს, რომ მშობლების კურთხევა ეს არის ღვთის კურთხევა. ამიტომ თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები, ნაკურთხი ხატით უნდა დალოცოთ ისინი, ყოველდღე შვილები უნდა ემთხვიონ თავიანთ მშობლებს ხელზე. ამ დროს ზეციდან გადმოდის მადლი სულიწმინდისა. განსაკუთრებით საყურადღეობა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ. არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ გადავუხადოთ მადლიერება მშობლებს. მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს - მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ექნება ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში.

   პატრიარქის კურთხევით სამღვდელოება 17 მაისს, 12:00 საათზე ტაძრებში ჩაატარებს პარაკლისს, ტაძრებს აკურთხებენ ნაკურთხი წყლით, ასევე მოხდება სახლების, ოჯახების და ქუჩების კურთხევა. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს.

 

 

 

 

11-05-2014, 18:38
უკან დაბრუნება