ივერიონი / ნაციონალური სინამდვილის "მოგებული" ომის რეალობა

ნაციონალური სინამდვილის "მოგებული" ომის რეალობა

                აგვისტოს სისხლიანი დღეები

  რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს? სად იყო სარდლობა და მთავარსარდალი? ვინ უნდა აგოს პასუხი მომხდარზე და რა ხდებოდა სინამდვილეში? ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების გადამდგარი ოფიცერი მაიზერ გელოვანი დაგვიკავშირდა.

  -ამის შესახებ ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება. მე, როგორც ომ დროის მოვლენების უშუალო მონაწილე ოფიცერი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ხალხს სიმართლე გავაგებინო. მაშინ სენაკის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის მეთაური ვიყავი და ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი.

  _ ის რაც მოხდა აგვისტოში, იყო დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ. რუსებმა  არ გვაპატიეს დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთ და აქედან   დაიწყო ყველაფერი ხან რა პროვოკაციებს გვიწყობდნენ ხან რას და ბოლოს მივედით აგვისტოს ომამდე. იყო წინაპირობები, სროლა, ხალხზე თავდასხმა, რის საპასუხოდაც წამოვიდა აგრესია. დაიწყეს მარნეულის ბაზის დაბომბვით, შემდეგ ვაზიანის, გორი და ბოლოს სენაკში.

_ 7 აგვისტოს, ღამით, 12.15 საათზე რეზერვისტთა ბანაკის მობილიზაცია გამოცხადდა. ბაზაზე იყო 1500-ზე მეტი რეზერვისტი, ველოდებოდით ბრძანებას. უკვე ვიცოდით ცხინვალში რაც ხდებოდა. 12 საათი იქნებოდა ბაზას დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაუფრინა თვითმფრინავმა. ამის შემდეგ ჩრდილოეთის მხარეს გორაზე გაისროლეს მაშხალა. არ ვიცი ვინ გაისროლა. ბიჭებმა თქვეს რაკი მაშხალებს ისვრიან, როგორც ჩანს ჩვენმა ბიჭებმა ცხინვალი აიღესო. რაღაცნაირად გული დამწყდა, ყველა ომის მონაწილე ვარ და ვიფიქრე - ბიჭებმა ცხინვალი აიღეს და მე კიდევ იქ არა ვარ, სენაკში უსაქმოდ ვდგევარ-მეთქი. მზადყოფნაში ვიყავი, ბრძანებას ველოდებოდი, უმოქმედოდ ვიდექი. ნახევარ საათში ისევ თვითმფრინავი გამოჩნდა და დაბომბეს სენაკი. კიდევ კარგი ბაზას არ დაარტყეს, ბომბები აეროპორტში ჩამოვარდა. ამ დროს სამწუხაროდ, ჩვენი ერთი ბატალიონი იქ იდგა.

 მეთაურმა გაარიდა ბაზას. მეთაურებად იმ დროს სამწუხაროდ დანიშნულები იყვნენ კომისარიატის ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც პრაქტიკა არ ქონდათ. სულ სხვაა ჯარში სამსახური და პირად შემადგენლობასთან მუშაობა და სხვაა კომისარიატში მუშაობა. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ... როდესაც აეროპორტი დაიბომბა იქ ჩვენი 7 რეზერვისტი დაიღუპა და 53 დაიჭრა. მთელი ღამე მოვუნდით დაჭრილების საავადმყოფოში გადაყვანას, ზოგი იმ ღამეს ვერ ვიპოვეთ. ქაოსი იყო, ვინ სად გარბოდა თავქუდმოგლეჯილი თვალსაც ვერ ვადევნებდით. რეზერვისტები ყრიდნენ იარაღს და გარბოდნენ, გზადაგზა იხდიდნენ ფორმას და ტოვებდნენ ქუჩაში. თავად ბაზა ჭაობშია აშენებული, ისეთი ადამიანებიც იყვნენ ვინც ჭაობში გადახტა, არ იცოდნენ სად გაქცეულიყვნენ.

 _ პრინციპში გაუმართლებელი იყო არა რეზერვისტების გამოყვანა?

 _ რეზერვისტების გამოყვანა დიდი შეცდომა და სისულელეც კი იყო. ადამიანები რომელთაც ჯარშიც კი არ ქონდათ ნამსახურები 18 დღეში უნდა მოგვემზადებნა. 18 დრეში როგორ უნდა მოამზადო? ჩააცვი, დაახურე, სიარული ასწავლე, ტაქტიკა, სროლა, ყველაფერი 18 დღეში როგორ უნდა მოახერხო? საშუალო დონის ჯარისკაცის მომზადებას სულ ცოტა 6 თვე მაინც ჭირდება, 18 დრეში სად გაგონილა ჯარისკაცის მომზადება, ეს იყო პიარისთვის გაკეთებული.

 _ ისტორიულადაა ცნობილი პეტრე დიდი ჯარს 2 წელი ასწავლიდა სიარულს.

 _ დიდი შრომა და დრო ჭირდება ჯარისკაცის მომზადებას, ეს ასე ადვილი არაა. პოლიგონზე უნა ისწავლოს ბევრი რამ მომავალმა ჯარისკაცმა, ჩასაფრება უნდა ისწავლოს, გადაადგილება და კიდევ ბევრი რამ. სწორედ ამ უაზრო პიარის შედეგი იყო უამრავი ადამიანის დაღუპვა... მოკლედ, იმ ღამეს გადავიყვანეთ დაჭრილები სენაკის საავადმყოფოში, დახოცილებიც (ღმერთმა გაანათლოს მათი სული), ტყვიის გასროლა ვერ მოასწრეს ბიჭებმა ისე დაიხოცენენ. ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ დაიბომბა ჩვენი ბაზა. ჩვენ ფეხმოუცვლელად ვდგევართ სენაკში და ველოდებით ბრძანებას, ბრძანება არ მოდის. ჩვენი ბაზის უფროსი იყო გამოცდილი სამხედრო, ღირსეული ადამიანი, პოლკოვნიკი ნუგზარ სუხაშვილი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, ნამდვილი მეთაური. სამი დღე ველოდებოდით ბრძანებას, ბაზა ფაქტიურად დაიცალა, მხოლოდ ოფიცრები დავრჩით, ხალხი გაიქცა, დაყარეს იარაღი და წავიდნენ. რა გვექნა? ვაგროვებდით იარაღს გზა და გზა. ჭაობში, გზებზე ეყარა ავტომატები და ტყვიამფრქვევები, როგორც შეგვეძლო მოვაგროვეთ, თუმცა ბევრი წაიღეს, ზოგი მოგვიანებით დააბრუნეს. ბაზაზე დარჩენილი ოფიცრები ყვითელი ავტობუსებით გადაგვიყვანეს ბათუმის ბაზაზე. არ ვიცი რატომ წაგვიყვანეს იქ.

 _ რამდენი იყავით ამ დროს?

 _ სადღაც 60-70 ვიყავით. არ ვიცი საიდან მოვიდა ჩვენი იქ გადაყვანის ბრძანება, ისე იყო არეული ყველაფერი ვინ რას აკეთებდა და რა ბრძანებას იძლეოდა ვერ გაარკვევდი. ერთი დღე ვიყავით ბათუმში, იქ გვითხრეს რომ გურიაში უნდა გადავეყვანეთ, გადმოგვიყვანეს ოზურგეთში. ოზურგეთში გვეუბნებიან, გაიხადეთ ფორმა, შეინახეთ, გადაიცვით სამოქალაქო ფორმა და წადით სახლებში.

 _ ვინ გითხრათ ეს?

 _ მეთაურმა, თავის მხრივ მას ბრძანება მისცეს დაშლის. გაგვაფრთხილეს არ გამორთოთ ტელეფონები, გამოგიძახებთო. სენაკში მხოლოდ გვარდია ვიდექით, საბრძოლო მეორე ქვეითი ბრიგადა წამოიყვანეს ცხინვალის მიმართულებით, ასე უპატრონოდ იყო ის მხარე დატოვებული. ჩვენ ფაქტიურად ალყაში აღმოვჩნდით, მერე შემოვიდნენ რუსები.

გაგრძელება იქნება

 

13-05-2014, 17:32
უკან დაბრუნება