ინტერვიუ პოლიტიკური პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარესთან - ვალერი კვარაცხელიასთან.
- ბატონო ვალერი, ამ ბოლო დროს საზოგადოება ბევრი არასასიამოვნო ფაქტის მოწმე გახდა: მხედველობაში მაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, კომპრომატების ომი ხელისუფლებასა და ,,ნაციონალებს“ შორის. გვიახლოვდება 17 მაისიც... ექსპერტები თვლიან, რომ ეს მოვლენები ერთი მიზნისკენაა მიმართული - საქართველოში სიტუაციის არევისკენ. რა მიზეზშედეგობრივ კავშირს ხედავთ აღნიშნულ მოვლენებს შორის და ვინ არის ამით დაინტერესებული?
- თქვენ მიერ ჩამოთვლილ მოვლენებს შორის, რა თქმა უნდა, არის მიზეზშედეგობრივი კავშირები. ანტიდისკრიმინაციული კანონი, ე.წ. ლგბტ-ს პრობლემა, უკანონო ფარული მოსმენები, თუნდაც ხელისუფლება-ოპოზიციას შორის კომპრომატების ომი და სხვა მრავალი უბედურება , რომელიც ამ ქვეყანაში ტრიალებს, აშშ-დან იმართება, ოღონდ არა იმიტომ, რომ უკვე მრავალჯერ არეული ქვეყანა კიდევ ერთხელ არიონ, არამედ იმიტომ, რომ ის ბოლომდე აქციონ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საიმედო ჭანჭიკად რეგიონში. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების ჩვენთვის თავზე მოხვევა იმიტომ არის საჭირო, რომ მოშალონ და გაანეიტრალონ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული ბევრი ინსტიტუცია (მართლმადიდებელი ეკლესია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები), რომლებიც ამერიკელთა ამ ზრახვას ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან მათ გაცნობიერებული აქვთ, რა შედეგი მოაქვს ამას საქართველოსთვის.
ამერიკელებისთვის ჩვენი ქვეყანა ის კენჭია, რომელსაც ისინი რუსეთის ბოსტანში ისვრიან, რათა მას თუნდაც მცირე ზიანი მიაყენონ. ასეთ შემთხვევაში ხომ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა ბედი ეწევა კენჭს. კენჭად კი არა, ჭურვადაც რომ ჩაგვთვალონ, ვინ შეიწუხებს თავს მტრის მიმართ გასროლილი ჭურვის ან მტრისთვის გადაგდებული ნაღმის ბედით?
დიახ, ამერიკელების ხელში იმ ნაღმის ფუნქცია გვაკისრია, რომელიც შესაძლებელია რუსებს ფეხქვეშ აუფეთქონ. ამით მას შეიძლება ზიანი ვერც მიაყენონ, მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში ავფეთქდებით. უკრაინაშიც ამავე პრინციპით იმოქმედეს - მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ნაღმი ან ჭურვი შეიძლება მაქსიმალური ეფექტის მომცემი არ იყოს. ომის წესია: უნდა ააფეთქო, უნდა გაისროლო და დაელოდო ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს, შეიძლება-არა. ისინიც ელოდებიან. არ გამოვრიცხავ, რომ ეფექტი თვითონ ამერიკელებისთვის იყოს დამანგრეველი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა...
- საქართველოში თქვენ გიცნობენ, როგორც პრორუსულად მოაზროვნე პოლიტიკოსს, რომელსაც 90-იანი წლებიდან დღემდე არ შეუცვლია ორიენტაცია. პრორუსულობა ნიშნავს თუ არა უარს ევროპაზე?
- პრორუსულობა პირობითი ცნებაა. თუ ჩემი დანგრეული სამშობლოს ბედი მაწუხებს და ვსაუბრობ იმაზე, რომ რუსეთთან მტრობას მასთან საერთო ენის გამონახვა სჯობს, რატომ ვარქმევთ ამას პრორუსულობას?! რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, უარს ვამბობ თუ არა ვროპასა და ამერიკაზე, გიპასუხებთ ერთმნიშვნელოვნად: დიახ! ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროკავშირსა და ნატოს წევრობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს საამისო არანაირი ისტორიული და პოლიტიკური შანსი არ არსებობს. შეხედეთ, რა პარადოქსულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების შანსი არ გვაქვს, მაგრამ ეს სულსწრაფვა, ეს ფსევდოსწრაფვაც კი, მიუხედავად სიცრუისა და მოჩვენებითობისა, რუსეთს გვაპირისპირებს და უკრაინის ანალოგიური ვითარებისკენ მიგვაქანებს.
- ,,მგელი მოდის, მგელი მოდისო!“ - ნათქვამისა არ იყოს, დაანონსებული პროვოკაციები ხომ არ ემსახურება ერთ მიზანს - ხელ-ფეხი გაუხსნას რუსეთს საქართველოში შემოსასვლელად?
- არა, არა, ეს აბსურდია. არ არსებობს საქართველოში ძალა, რომელიც რუსეთის ძალისმიერ შემოსვლას მიესალმებოდეს. მაგრამ არსებობს ამერიკის მიერ ამა თუ იმ ქვეყანაში განხორციელებული სულელური ქმედებები, რომლებსაც რუსეთი ჭკვიანურ გასაღებს მოარგებს ხოლმე და სიტუაციას თავის სასარგებლოდ ატრიალებს. ასე მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ამერიკის მიერ სააკაშვილთან ერთად დაგეგმილი დანაშაულებრივი სპეცოპერაციების შემდეგ, საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა, რუსეთმა კი აფხაზეთს და ოსეთში სამხედრო ბაზები დააკანონა.
ასე მოხდა ახლა უკრაინაში - ამერიკელების მიერ განხორციელებულ პროვოკაციას რუსებმა თვითონ ამერიკელები წამოაგეს და უკრაინისთვის ოდესღაც უკანონოდ გადაცემული ყირიმი დაიბრუნეს.
საქართველოს ხელისუფლების ახლანდელ ყოვლად გაუთვლელ-გაუაზრებელ პოლიტიკას შესაძებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი რამ მოჰყვეს, მაგრამ ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს, მათ შორის რუსეთის ჯარის შემოსვლაც არ არის გამორიცხული. საქართველოს ხელისუფლება კი ან ფეხქვეშ გაეგება რუსის ჯარს, ან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა ქვეყნიდან, როგორც სააკაშვილი გარბოდა. დასავლეთი კი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება,
- ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ირაკლი ალასანიას მხრიდან შესაძლო ავანტიურაზე, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის გადაყენებითა და ახალი პოლიტიკური ძალების გადანაცვლებით უნდა დამთავრდეს. რამდენად რეალურია ეს?
- ალასანიას ავანტურა სხვა რამეში უფრო გამოჩნდა. რუსეთ-ამერიკას შორის ამ უკიდურესი დაძაბულობის დროს, დასავლეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განსათავსებლად საქართველოს ტერიტორიები შესათავაზა. რაც ალასანიამ გააკეთა, რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ხოლო რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, ამის განმარტება საჭირო არავისთვისაა. ეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის გაწირვაა - ეს სამშობლოს ღალატია. მოვა დრო და ალასანია ამისთვის დაისჯება.გეტყვით პირდაპირ: ალასანია საქართველოსთვის საშიში კაცია, ამას ზოგიერთი მის გუნდშიც მიხვდა, სადაც ანალიზის უნარით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. რაც შეეხება ამ კოალიციაში დაპირისპირებას, ეს მოსალოდნელი კი არა, უკვე აშკარაა. ადამიანთა ეს ერთობა გუნდი არასდროს ყოფილა, მით უმეტეს, გაერთიანება. მათ ერთადერთი რამ აერთიანებთ - პოლიტიკური საშოვარი.
- როგორ ფიქრობთ, მმართველმა ხელისუფლებამ კატასტროფულად დაკარგა თუ არა საზოგადოების ნდობის რესურსი, რომელიც მას არჩევნების პირველ თვეებში ჰქონდა. ზოგიერთები საუბრობენ, რომ ის სათავეში დავალებით მოვიდა ?
- ვერ გეტყვით, მოქმედებდა თუ არა ვინმეს დავალებით, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თავის მოქმედებაში არავინ ისე შეზღუდული და არათავისუფალი არ არის, როგორც ფულიანი კაცი, მით უმეტეს - ოლიგარქი. რაც შეეხება ხელისუფლების ნდობის დაკარგვის კოეფიციენტს, ის მართლაც კატასტროფულია. ამ სიჩქარით ნდობა სააკაშვილსაც კი არ დაუკარგავს!
- ბევრს საუბრობენ ალასანია-,,ნაციონალები“-რესპუბლიკელების მომავალ ალიანსზე. რამდენად რეალურად გესახებათ ეს. თუ მართლა ახალი პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, შეიძლება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც მივიღოთ, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს?
- ასეთი ალიანსი შემდგარია. მათ აერთიანებთ ის, რომ ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ მათმა ალიანს-კოჰაბიტაციამ მიიყვანა ქვეყანა ნგრევა-გაპარტახებამდე. ახლა ვადამდელ არჩევნებს (საერთოდ, არჩევნებს) რა აზრი აქვს! ვინ გვყავს ასარჩევი? ,,ქართული ოცნების“, ,,ნაციონალებისა“ და ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციისგან ეროვნულ ხელისუფლებას ვერ მივიღებთ. სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკოსები არ გვყავს. გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ჩვენ გვყავს პოლიტიკური ნაგავი, რომელიც უნდა გაიხვეტოს პოლიტიკური ავანსცენიდან!
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორი იქნება მისი შედეგები, რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას აღმასრულებელ და არჩევით ორგანოებში პოლიტბალანსის შესაცვლელად და, საერთოდ, რამეს შეცვლის ეს არჩევნები?
- კატეგორიულად ვაცხადებ: არავითარი მნიშვნელობა ამ არჩევნებს არ აქვს!
- როგორ ფიქრობთ, ,,ნაციონალები“ დაღმა მიექანებიან თუ ნელ-ნელა ახერხებენ რეაბილიტაციას?
- ,,ნაციონალები“, ,,ქართული ოცნება“ და მათთან ერთად მთელი პოლიტიკური სპექტრი ისტორიისა და პოლიტიკის სანაგვეზე მიექანება!.
- თქვენს საავტორო გადაცემებსა და სოციალურ ქსელში ხშირად აფასებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. პირდაპირ უსვამთ ხაზს, რომ უკრაინის ქმედება, ფაქტობრივად, თვითმკვლელობაა, რაშიც ლომის წილი ევროპასა და ამერიკას მიუძღვით. რა როლი ითამაშა ამ პროცესებში რუსეთმა და იგივე სცენარი ხომ არ განმეორდება საქართველოშიც?
- მსოფლიო პოლიტიკის პროცესებში რუსეთი ყოველთვის მონაწილეობს, მაშინაც კი, როცა არ მოქმედებს. ამერიკა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ებრძვის რუსეთს. მან საბჭოთა კავშირის დაშლისთვის დიდი ძალისხმევა გასწია, შედეგი კი ვერ მიიღო, რადგან რუსეთი არა თუ თვითონ არ ნებდება, სხვა რესპუბლიკებსაც არ ანებებს მას, საერთოდ, მსოფლიოშიც არ გააბატონებს. რუსეთმა ამერიკას მუშტი უკრაინაში უჩვენა და შეცდომა შეცდომაზე დააშვებინა. რუსეთმა შესაძლოა მთელი უკრაინა მიიერთოს უკრაინელი ხალხის უმრავლესობის თანხმობით. უკრაინაში მარცხის შემდეგ, ამერიკა საქართველოსკენ არც გამოიხედავს. ახლა მთავარია ალასანიასთანა ავანტიურისტებმა მძიმე შედეგების მომტან შარში არ გაგვხვიონ, თორემ რუსეთი ხისტი პოლიტიკის გატარებაზეც არ იტყვის უარს, როგორც ზესახელმწიფოს ლოგიკით მოქმედი ზესახელმწიფო.
ესაუბრა ია ჯღარკავა