ივერიონი / მამუკა კაციტაძე: ,,ბურჯანაძე ,,დაეპატრონა" და თავზე მოაჯდა ,,ქრისტიან-დემოკრატებს!"

მამუკა კაციტაძე: ,,ბურჯანაძე ,,დაეპატრონა" და თავზე მოაჯდა ,,ქრისტიან-დემოკრატებს!"

 გვესაუბრება პარტია ,,ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე.

-ბატონო მამუკა, დავიწყოთ იქიდან,  რომ თქვენი პარტია ,,ახალი მემაჯვენეები"  ბურჯანაძის ალიანსთან არ გაწევრიანდა. რატომ თქვით უარი ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე?

-როგორც ჩანს, საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის იმ ზღაპრული სიმართლის შესახებ, რასაც ახლა გაგიმეორებთ: პირველი, ვინც დიდი ოპოზიციური გაერთიანების იდეით გამოვიდა ადგოლობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვიყავით ჩვენ,  ,,ახალი მემარჯვენეები"   და  პარტია ,,თავისუფალი საქართველო".  დიდი შრომა გავწიეთ და მაშინ, როცა შედეგისთვის უნდა მიგვეღწია, ბურჯანაძისგან წამოვიდა ჩვენი პარტიების გაუქმების და მის ალიანსთან ასე შერწყმის ინიციატივა. 

ყველამ იცოდეს, რომ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციონერი კი არა, ,,ქრისტიან-დემოკრატების" სახეა. ეს არ არის ნინოს ალიანსი, ის სხვის პარტიასაა ამოფარებული,   ჩვენ კი საპარტიო ბლოკის შექმნა გვინდოდა, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუნარჩუნდებოდა თავისი პარტია. ამ უმწიფარმა შეთანხმებამ ის შდეგი გამოიღო, რომ ბურჯანაძემ და ბაღათურიამ  თავიანთი პარტიები გააუქმეს. ასე ,,დაეპატრონა"  და მოაჯდა თავზე ბურჯანაძე ,,ქრისტიან-დემოკრატებს"!

ჩვენ გვაქვს ჩვენი, 2 პარტიისგან შემდგარი ბლოკი, რომელიც შედგება არა მხოლოდ პარტიაში მოღვაწე ადამიანებისგან, არამედ ბევრი სხვა ფიზიკური პირისგან, რომლებიც მოიაზრებიან   მაჟორიტარებად და ა.შ.   ახლა თქვენ და თქვენმა მკითხველმა განსაჯეთ, ვინ ჩაშალა დიდი ოპოზიციური გაერთიანება!

-როგორც ცნობილია, თქვენ ნინო ბურჯანაძე ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ,,ქართულ ოცნებასთან"  პოლიტიკურ გარიგებაში ღიად დაადანაშაულეთ. რამ მოგცათ ამის საბაბი. რამე ისეთი იცით, რისი ცოდნაც  საზოგადოებასაც გამოადგება?

- აშკარაა, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია!  ვიღაცებს აქვთ რიგი უპირატესობებისა, ესენია:  საარჩევნო ადმინისტრაციული რესურსის ერთპოროვნული ფლობა  - ,,ქართულ ოცნებას"  საარჩევნო კომისიაში 12 კაცი ჰყავს, ერთი - ნაციონალებს, სხვას არც ერთი!  უფასო სატელევიზო რეკლამის უფლება აქვთ  ,,ოცნებას",  "ნაციონალებსა"  და  ,,ქრისტიან-დემოკრატებს",  სხვა თამაშგარეა!  მკვეთრი უპირატესობაა ფასიანი რეკლამებისა და ფინანსური თვალსაზრისით - ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ,,ოცნება",  ,,ნაციონალები" და ,,ქრისტიან-დემოკრატები". ახლა ხომ ნახეთ, როგორ ხდება საარჩევნო გარემოს უზურპირება? ორის კოჰაბიტაციას მესამე (ბურჯანაძე-,,ქრისტიან დემოკრატები") უერთდება, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძღვნად მიიღო ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები. ჩვენ საჩივრით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს არათანაბარი საარჩევნო გარემოს შესახებ, მაგრამ ჯერ პასუხი არავის გაუცია.

-ბატონო მამუკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თქვენ მიერ დაზუსტებული და ,,ქართული ოცნების"  მიერ ჩასწორებული სიებით ჩატარდება, რომელიც ადრე გაყალბების შაშუალებას იძლეოდა. თქვენ თუ ენდობით ამ სიებს?

-ჩემ მიერ დაზუსტებულ  სიებთან დაკავშირებით სულ 5 საჩივარი შემოვიდა, აქედან  3 მაშინვე გაბათილდა. არადა რევოლუცია სწორედ არჩევნების გამყალბებელმა საარჩევნო სიებმა არ გამოიწვია?!  დღევანდელი სიები იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანის მიერ ,,შექმნილი"  და ,, ჩასწორებულია".  საიდან მოიყვანეს ის რამდენიმე ათასი კაცი წელიწადნახევარში,რომლებიც ამ სიებში შეიყვანეს,  საინტერესო არ არის?!  მიუხედავად ამისა, მე მაინც  ვენდობი ამ სიებს, ვინაიდან ვიცი მისი ანატომია. ეს სიები არჩევნებს ხარვეზს არ მოუტანს,  თუმცა არის ნაკლოვანება, რასაც ახალი ხელისუფლების დაპირებით ბიომეტრიული პასპიორტებით ხმის მიცემა გააბათილებდა, მაგრამ ...  

 ამასობაში სიების დემონიზაცია მოხდა - როგორც ვთქვი, უფრო გაიზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახლა სად არიან ის უფლებადამცველები თუ ჟურნალისტები დილის 7 საათზე რომ მირეკავდნენ  14 არარსებული კორპუსი აღმოვაჩინეთო. იმ 14-დან  2  მაჩვენონ, მეტი არ მინდა!  ,,ოცნებამ"  და ოპოზიციონერმა ნიღბოსნებმა ბოდიში უნდა მომიხადონ.

-ადგილობრივ არჩევნებზე არასაპარლამენტო ოპოზიცია თაამაშგარე თუ დარჩა, რას იზამთ, ქუჩაში გამოხვალთ?

-ასეთი შემთხვევა აბსტრაქტულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალები არათანაბარია, არ ვარ პესიმისტი. არათანაბრობა დიდია, მაგრამ ცოდვის ტვირთი ჩვენ გვაქვს მსუბუქი!

-ბატონო მამუკა, რატომ უნდა დაუჭიროს საზოგადოებამ მხარი თქვენს კანდიდატს?

-ჩვენ ვართ სუფთა, არამატყუარა, უდანაშაულო პოლიტიკური გაერთიანება. ,,ნაციონალებს" უმძიმესი დანაშაულებრივი ტვირთი აწევთ, ,,ოცნება" ცრუპენტელაა, რამ უნდა გვიშველოს თუ არა ცვლილებებმა! მე გირჩევთ, ხმა მისცეთ ცვლილებეს, "ცვლილებების დროა!"

 

                                                                       ესაუბრა ია ჯღარკავა

 

17-05-2014, 10:26
უკან დაბრუნება