"ქართული ოცნების" სენაკელი აქტივისტი "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდა
ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვესმის გამოთქმა "ქართულ ოცნებაში" პორტირებული ნაციონალი", მართლაც არა ერთი შემთხვევაა, როცა სულ ცოტა ხნის წინ " მე მიყვარს საქართველოს" მაისურებში გამოწყობილები ახლა "ოცნების" მაისურებით და მანდატებით იწონებენ თავს, მაგრამ "ქართული ოცნების" რიგებიდან "ნაციონალებში" რომ ვინმე გადასულიყოს, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა. სენაკის "ქართული ოცნების" აქტივისტი ინგა ქარდავა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მესამე ნომრად გვევლინება და კენჭს სწორედ იმ პარტიის სახელით იყრის, რომელსაც როგორც თავად აცხადებს დაუღალავად ებრძოდა.
"ივერიონი" ინგა ქარდავას გაესაუბრა.
-რატომ გადაწყვიტეთ "ქართული ოცნების " დატოვება და "ნაციონალებთან" ურთიერთობა, ეს ხომ ისევ ის ნაციონალები არიან- იგივე სახელები, იგივე სახეები, რომლებსაც წლების განმავლობაში ებრძოდით?
-"ქართული ოცნება" სენაკში არ არსებობს. ის პორტირებული და მედროვე ყვარყვარეების თავშესაფარი გახდა. ვისაც ვებრძოდი ცხრა წლის მანძილზე, ყველა ოცნებაშია. სენაკში "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებამ" ჩაასუფთავა და გარეცხა. იქ ღირსეული ხალხი დარჩა, რომელთანაც სუფთა წარსული ასოცირდება. მე და ჩემნაირ მებძოლ ჯარისკაცებს "ოცნებამ" სულში ჩააფურთხა. მიუხედავად ტერორისა სენაკში 2012 წელს ქალაქი მთლიანად მოვიგე ოცნების სასარგებლოდ. ოცნებამ მისაბიშვილი და მისი კრიმინალური ხროვა გულში ჩაიხუტა, მშვიდობაში მოიხმაროს. არავის წინაშე არ ვარ დავალებული, პირიქით, აქეთ არიან დავალებულნი. ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს აქვს მიზეზი და მიზანი.
-როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" სამეგრელოში? როგორც მათ განაცხადეს, სამეგრელოში გაიმარჯვებენ.
-არ გჯერათ რომ მოიგებენ? სენაკში წააგო ნაციონალებმა 2013-წლის საპრეზიდენტო არჩევნები? სულ რაღაც ათასამდე ხმა იყო სხვაობა. საქართველოს მაშტაბით ბოლოდან პირველ ადგილზე იყო. ეს იმიტომ, რომ მოსახლება ვისაც ვერ იტანდა, ის ხალხი მისაბიშვილი და მისი ხროვა, მთელი გამგეობა და საკრებულო გადაპორტირდა ოცნებაში. ძალოვანი სტრუქტურები ვინც გვებრძოდა ყველა დიდ თანამდებობებზე დაინიშნა.,ოცნება ყვარყვარეებისთვის ახდა და მათთვის გვიბრძოლია.
-რატომ მაინც და მაინც "ნაციონალური მოძრაობა?
-საიდანაც შემოთავაზება მივიღე გამსვლელ პარტიულ სიაში და ვინც დამაფასა, იმათთან თანამშრომლობაზე რატომ უნდა მეთქვა უარი? ლაშა კუჭავა და გია სოსელია ღირსეული ხალხია.
აკაკი წოწონავა